საპატრიარქო მიმართავს „სტალინის ხატის“ შემწირველებს, ანუ „პატრიოტთა ალიანსს“, შეიტანონ ცვლილებები ხატში, კანონიკის შესაბამისად, ან ამას თავად გააკეთებენ.
საპატრიარქო წერს:
„წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დასვენებულ წმინდა მატრონას ხატზე გამოსახული ერთ-ერთი ეპიზოდის გამო, ბოლო დღეებში ურთიერთგამომრიცხავი საუბრები და დაპირისპირებები არ ცხრება, რასაც ერთგვარი პოლიტიკური სახეც მიეცა. ამასთან, ხატი ყოვლად გაუმართლებელი შეურაცხმყოფელი ქმედების ობიექტი გახდა და დაძაბულობამაც კიდევ უფრო იმატა. ვრცელდება სხვა არასწორი შეხედულებებიც, რის გამოც განვმარტავთ შემდეგს:
საერთოდ, ხატზე, ხატწერის კანონიკური წესებიდან გამომდინარე, შეიძლება დახატული იყოს არა მხოლოდ წმინდანი, არამედ წმინდანის ცხოვრებასთან დაკავშირებული რეალური ისტორიები ნებისმიერი პიროვნების გამოსახულებით, მათ შორის, ხელისუფალნიც და ჩვეულებრივი ადამიანებიც, მწვალებლებიც და ქრისტიანული სარწმუნოების მდევნელნიც, თვით წმინდანის მწამებელნიც კი; თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ხატი ამ პირებს განადიდებს ან რაიმე ღირსებას განუკუთვნებს, არამედ ასეთი დეტალები წარმოადგენს წმინდანთან დაკავშირებული უტყუარი ფაქტების ასახვას.
ვინაიდან ი. სტალინის შეხვედრა წმ. მატრონასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ არის შეტანილი მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში, არ არის აღიარებული რუსეთის ეკლესიის მიერ, რომელმაც იგი წმინდანად შერაცხა და ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური კვლევაც ჩაატარა, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა და ხატწერის კანონიკასთან დაკავშირებული სხვა დეტალების გათვალისწინებაც.
მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში ან ამას ჩვენ გავაკეთებთ“.
9 იანვარს აქტივისტმა ნატა ფერაძემ გაავრცელა ვიდეო, რომ სამებაში რუსი წმინდანის, მატრონა მოსკოველის ხატს, რომელზეც საბჭოთა დიქტატორი სტალინიც არის გამოსახული, საღებავი აქვს შესხმული.
ინფორმაცია, რომ ასეთი ხატი ქვეყნის უდიდეს ტაძარშია, 6 იანვარს გავრცელდა.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „მთავარ არხთან“ თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
მალევე გაირკვა, რომ ხატი სამების ტაძარს პრორუსულმა პარტია „პატრიოტთა ალიანსმა” შესწირა.
ძალადობრივი ჯგუფის, ალტ ინფოს წევრები 10 იანვარს ნატა ფერაძის სახლთან მივიდნენ.