საპატრიარქო ტაძრებსა თუ კერძო სივრცეებში ჟურნალისტებთან კომუნიკაციის თავიდან არიდების რჩევებს გასცემს

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქო მედიის მიმართ კრიტიკულ განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს განცხადებით, მედიის ნაწილი ეკლესიის მიმართ მიკერძოებულ შეფასებებს აკეთებს, ამახინჯებს ფაქტებს და „პროვოკაციული კითხვებით ცდილობს წონასწორობა დააკარგვინოს რესპონდენტს“.

ამ მიზეზით, საპატრიარქო მიმართავს ტაძრების წინამძღვრებს, რომ შეუძლიათ მათ ტერიტორიაზე მედია არ შეუშვან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მიმართონ პოლიციას და მათი მეშვეობით შეუზღუდონ ჟურნალისტებს გადაადგილება.

„დიდი ხანია საქართველოს ეკლესიაზე გარკვეული ძალების მიერ სერიოზული შეტევა ხორციელდება; ა.წ. 5-6 ივლისის მოვლენების შემდეგ კი ჩვენს მედია-სივრცეში ვითარება უფრო გამწვავდა და   უკიდურესად აგრესიული ხასიათი მიიღო.

სიძულვილის ენით განსაკუთრებით გამოირჩევა ,,მთავარი არხი,” ,,ტვ-პირველი” და ,,ფორმულა”.., რომელთა ეთერითაც პირდაპირ და მოურიდებლად ხდება საქართველოს საპატრიარქოს, კათოლიკოს-პატრიარქის, მღვდელმთავრების, მღვდლების და მრევლის შეურაცხყოფა; ისმის მუქარაც და ანგარიშსწორებისაკენ  მოწოდებებიც.

ხშირად აღნიშნული ტელეარხების ჟურნალისტები (ვფიქრობთ, ხელმძღვანელთა დავალებით) ინფორმაციის ობიექტურად გაშუქების ნაცვლად, აჟღერებენ მიკერძოებულ შეფასებებს და უსაფუძვლო  ბრალდებებს, მიზანმიმართულად ამახინჯებენ ფაქტებს და ცდილობენ, პროვოკაციული კითხვებით წონასწორობა დააკარგვინონ რესპოდენტს;  შემდეგ კი, კონტექსტიდან  ამოგლეჯილ, დამონტაჟებულ ისეთ სიუჟეტებს უშვებენ,  რომ მაყურებელმა სასულიერო პირი მოძალადედ აღიქვას“, – აცხადებს საპატრიარქო.

საპატრიარქოს განცხადებით, მართალია, ერთეული სასულიერო პირების მხრიდან გარკვეული გადაცდომები იყო, მაგრამ მედიაში შემდეგ მიზანმიმართულად ხდება კერძო შემთხვევის განზოგადება, ხოლო სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტების დახმარებას 5-6 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს უარყოფენ.

„ამასთან, რა თქმა უნდა, არ ამხელენ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებსა და  მხარდამჭერთ, მათ ფსიქოლოგიურ ძალადობებს, პროვოკაციულ განცხადებებსა და ქმედებებს.

ამ ჟურნალისტებს ტაძრის ეზოები პოლიტიკურ დებატებში ჩართვისა და შეურაცხყოფის ადგილად სურთ აქციონ, ცალკეულ რელიგიურ სწავლებას პოლიტიკური განაცხადის სახე შესძინონ და ეს პრობლემების შექმნის მიზეზად წარმოაჩინონ.  ამასთან, ისინი არ ერიდებიან ჩვეულებრივ მოქალაქეების კერძო სივრცეში ნებართვის გარეშე შეჭრასაც და უბრალო ადამიანების  უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებას“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქო წერს, რომ მაშინ, როცა უხეშად ირღვევა ჟურნალისტური ეთიკის ნორმები,  საჯაროდ ხდება ფსიქოლოგიური ძალადობა და ხელი ეშლება „სამოქალაქო მშვიდობას“, ეს ყველაფერი საელჩოებისა და არასამთავრობო სექტორისთვის „რატომღაც შეუმჩნეველი რჩება“. ამასთან, საპატრიარქოს განცხადებით, მედიასთან ერთად ეკლესიასს თავს ესხმის ზოგიერთი პოლიტიკოსიც.

ამის გათვალისწინებით, საპატრიარქო ტაძრების წინამძღვრებს და სხვა პირებს მიმართავს, რომ მათ შეუძლიათ პოლიციის ძალის გამოყენებით შეუზღდონ ჟურნალსიტებს მათ ტერიტორიაზე მუშაობა.

„ვისაც საერო კანონმდებლობით სურთ ნაბიჯების გადადგმა, განვუმარტავთ: საქართველოს კანონით, ნებისმიერი მოქალაქე დაცულია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისგან, არასასურველი კომუნიკაციისა და ადევნებისაგან (151 I  მუხლი).

სისხლის სამართლის კოდექსით, ასევე, ისჯება ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაც (მუხლი 155-ე).

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცალკეულ ადამიანს თუ ტაძრის წინამძღვრებს შეუძლიათ, წერილობით მიმართონ ამა თუ იმ ტელეარხის ხელმძღვანელობას და შეატყობინონ, რომ არ სურთ მათი ტელევიზიის ჟურნალისტებთან კომუნიკაცია; რადგან დამაბრკოლებელი გარემოებები ექმნებათ; ასევე მიზანშეწონილია შესაბამისი განაცხადი განთავსდეს ტაძრის ეზოს შესასვლელეთან;

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მიმართვის  საფუძველზე, პოლიციას ევალება, შეზღუდონ ამგვარ ჟურნალისტთა თქვენს სივრცეში გადაადგილება“, – აცხადებს საპატრიარქო.