საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ - კობახიძე

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე პროცესები არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, რისი შედეგიც გამოძიების შემდეგ დადგება.

„საპატრიარქოს ჩვენ არ დავუპირისპირდებით არც არჩევნებამდე და არც შემდეგ. რაც შეეხება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, თუკი ასეთი არსებობს, ბუნებრივია, ეს არის წმინდა სამართლებლივი საკითხი და სამართლებლივი შედეგები დადგება გამოძიების შემდეგ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ  „რუსთავი 2-თან“.


საქართველოს სახალხო დამცველმა 2 ივნისს გაავრცელა განცხადება ნინოწმინდის პანსიონში სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ. ომბუდსმენის თქმით, აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა პროკურატურიდან და შსს-დან. მისი თქმით, მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, მათ შორის გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც.

სახალხო დამცველის რწმუნებულებს დღემდე არ ეძლევათ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესვლისა და კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების – ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის – შესაძლებლობა.

სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე) ამბობს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები პანსიონში მისი კურთხევით არ შეუშვეს.

7 მაისს ცნობილი გახდა, რომ გაეროს ბავშვთა კომიტეტმა დროებითი ღონისძიება გამოსცა, რომლითაც დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) 5 მაისის საჩივარი და მთავრობას ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა დაავალა.

19 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები განმეორებითი ვიზიტით იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, მონიტორინგის შესაძლებლობა ისევ არ მიუციათ.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR)  სასამართლოს მიმართა მოთხოვნით ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ. 5 ივნისს ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა აბაშიძემ განაცხადა, რომ სასამართლომ ეს შუამდგომლობა  დააკმაყოფილა.

მოსამართლე განჩინებაში აღნიშნავს, რომ  ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დაუყოვნებლივ სხვა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში გადაყვანა. 6 ივნისს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ განაცხადა, რომ 20 ბავშვი ნინოწმინდის პანსიონიდან გაიყვანეს.