საპატრიარქოს განცხადებით, 11 წლის გარდაცვლილი მოზარდისთვის წესის აგება ნებადართული უნდა იყოს

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას ავრცელებს და აღნიშანვს, რომ ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, თერჯოლის რაიონში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

„თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის გამო და აღვავლენთ ლოცვებს ავთანდილის უკვდავი სულისათვის, რათა უფალმა შეიწყალოს და აცხოვნოს იგი”, – წერია განცხადებაში.


პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის საქმეზე მამას, ფ.ა.-ს ბრალდება 25 აგვისტოს წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში, თავის საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ.ა. სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა არასრულწლოვან შვილს ა.ა.-ს

ფ.ა.-ს მხრიდან განხორცილებული ქმედებების შედეგად, ა.ა. იმყოფებოდა მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ. 2020 წლის 23 აგვისტოს, თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებულ ხეზე, ა.ა. თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს”, – წერს შსს.