საპატრიარქოს ჰომოფობიური განცხადება: „დროა ვიმსჯელოთ ამ პრობლემის კანონით დარეგულირებაზე“

პუბლიკა

„დღეს შეიძლება განსაკუთრებულად დროული იყოს მოწოდება საზოგადოებისადმი, გვემსჯელა საკანონმდებლო გზით პრობლემის დარეგულირების შესახებ, “- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ჰომოფობიური შინაარსის განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ეწინაარმდეგებიან თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დახურულ სივრცეში დაგეგმილ ღონისძიებებსაც კი.  საპატრიარქო იმეორებს დეზინფორმაციას ე.წ. ლგბტ პროპაგანდის შესახებ.

„მიგვაჩნია, რომ ლგბტ პროპაგანდა დაუშვებელი და მიუღებელია, მით უფრო, ქვეყანაში, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი კულტურა და ქრისტიანული ფესვები აქვს. პროპაგანდის ნებისმიერი სახით გამოვლინება მოზარდებში კი მათ ცნობიერებაზე ძალადობაა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არაერთგზის გამოთქმული პროტესტის უგულებელყოფა არის მისი უმთავრესი ფასეულობების უპატივცემულობა და მკაფიო გამოხატულება მორალური ზიანის მიყენების მცდელობისა, “- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადენაში ნათქვამია, რომ ეკლესია არასდროს მოუწოდებს ძალადობისკენ, პირიქით, მოსახლეობაში სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ზრუნავს.