„საპატრიარქოს კომისიის გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე“ – გვარამია ბოტკოველს

პუბლიკა

ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

გვარამიამ ისაუბრა საპატრიარქოს წარმომადგენლის, მიქაელ ბოტკოველის დღევანდელ განცხადებაზე, რომლის თანახმად, საპატრიარქო ვერ სთხოვს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, რადგან ეს მხოლოდ პრეზიდენტის უფლებაა.

„ღრმა პატივისცემით მამა მიქაელ ბოტკოველის მიმართ, მე იუტიციის სამინისტროს ვხელმძღვანელობდი რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე, ვიყავი შეწყალების კომისიის წევრი. მე არ ვიცი, ამჟამად საქართველოს საპატრიარქო განიხილავს თუ არა ტყუილს, როგორც ცოდვას, მაგრამ მე ტყუილს განვიხილავ, როგორც ფაქტს. ამიტომ შემიძლია, ვუპსსუხო, რომ საქართველოს საპატრიარქოს წლების განმავლობაში, მათ შორის, ამ ხელისუფლების პირობებში ყოველგვარი მიმართვების, ყოველგვარი განსჯის გარეშე, მეტსაც ვიტყვი  – შეწყალების კომისიის  გვერდის ავლითაც შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.


გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მესამე პრეზიდენტის შეწყალებას არ აპირებს და მისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია. მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, შიმშილობს. სამოქალაქო საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობა დაიწყო ელენე ხოშტარიამ.