„საპატრიარქოს მხრიდან დაფიქსირდა მკვეთრი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ, რა თქმა უნდა, ისინი არ ჩაერთვებიან აქტიურ პროპაგანდაში, თუმცა ნებისმიერ გონივრულ გადაწყვეტილებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება, მიესალმებიან და მხარს დაუჭერენ“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.
„მათი მხრიდან აღქმული არის ის პრობლემები, რომლებიც გლობალურად გააჩნია სამყაროს კოვიდპანდემიასთან დაკავშირებით. საპატრიარქო მიესალმება ყველა იმ გონივრულ გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან, რომლებიც იქნება გადადგმული ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე დეტალურად ნიღბის ტარების პროცესზე, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ერთობლივად მოვუწოდოთ, რამდენად დადებითი შედეგების მომტანია სოციალური დისტანცია და ნიღბის ტარება და ის ფაქტი, რომ ვაქცინაციის პროცესი არის ნებაყოფლობითი, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, როგორც საქართველომ, ისე მსოფლიომ დაძლიეს ის დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც დღესდღოებით ჩვენ ვიმყოფებით“, – განაცხადა მინისტრმა.
16 მარტს „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სასულიერო პირებს მიმართა და უთხრა, რომ მათი როლი ვაქცინაციის პროცესში განსაკუთრებულია.
„ძალიან გთხოვთ, ექიმებს გვერდში დაგვიდგეთ, ვითანამშრომლოთ, იმიტომ, რომ მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ყოველთვის ასეა და დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა და თქვენთან ერთად ყოფნა“, – მიმართა გამყრელიძემ მღვდელმსახურებს.
17 მარტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ „ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.