„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ ათობით დაწესებულებას ფინანსური დახმარების სახით ბიუჯეტიდან ჯამში ორმოცდასამი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი ლარი გადაეცემა.
14 მარტის განკარგულებაში წერია:
„დაევალოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით პროგრამის – „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან 43,035,000.00 (ორმოცდასამი მილიონ ოცდათხუთმეტი ათასი) ლარი მიმართოს ამ განკარგულების დანართით განსაზღვრული დაწესებულებების ფინანსური დახმარების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის საბანკო ანგარიშებზე გადარიცხვის გზით“.
დასაფინანსებელთა ჩამონათვალში 53 დაწესებულებაა.
გარდა ამისა, ცალკე განკარგულებით, განათლების სამინისტროს დაევალა, პროგრამის – „საერთაშორისო პროგრამებში ქართველ მეცნიერთა ჩართულობის ხელშეწყობის“ ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელების მიზნით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 12,500.00 ლარი გამოეყოს.