საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო ავრცელებს ფოტოებს და განცხადებას, რომ დეკანოზმა გიორგი ყიფშიძე „ნიუ ჰოსპიტალში“ დაშავებული ჟურნალისტების მოსანახულებლად მივიდა.
საპატრიარქო ამბობს, რომ არაერთხელ გაემიჯნა აქციაზე ძალადობრივ ქმედებებს და ამტკიცებს, რომ მოუწოდებდა მოქალაქეებს მხოლოდ მშვიდობის პარაკლისში მონაწილეობისკენ.
„ამასთან, საპატრიარქომ ასევე წინსწრებით არაერთხელ აღნიშნა, რომ თემა მეტად მტკივნეული და საფრთხილოა, ამიტომ, დიდი ალბათობით, ის გამოიწვევდა ასეთ მკვეთრ დაპირისპირებას, რაც, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინეს აქციის ორგანიზატორებმა და დღეს საკმაოდ მძიმე სურათი ვიხილეთ (თუმცა ძალადობრივ ფაქტებს, თავისთავად არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს)“, – წერია განცხადებაში.
საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს ჟურნალისტებისა და მოქალაქეების დაკავების გამო და ამბობს, რომ „ასეთი ფაქტები ქრისტიანობისთვის ყოვლად მიუღებელი და შემაშფოთებელია“.
„სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ თითოეულ დაზარალებულს და ვლოცულობთ მათთვის“, – წერია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები 55 პირს გაუსწორდნენ, მათგან 53 მედიის წარმომადგენელია. დარბეულია მოძრაობა „სირცხვლიას“ და „პრაიდის“ ოფისები. ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს აკეთებდნენ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებიც. დაკავებულია 8 პირი ადმინისტრაციული წესით.
5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, თუმცა ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ძალადობრივი მეთოდებით მოახერხეს ისე, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მარშის გამართვაზე უარი განაცხადეს.