არქიმანდრიტ ილია თოლორაიას განცხადებით, ის საპატრიარქოში დაიბარეს.
სასულიერო პირი ვარაუდობს, რომ მისი დაბარება დაკავშირებულია იმასთან, რომ მიტროპოლიტ შიო მუჯირს „ეგზარქოსი“ უწოდა.
„სავარაუდოდ, დაბარებული ვარ იმაზე, რომ მეუფე შიოზე ვთქვი ეგზარქოსი… მმართველს ნიშნავს სიტყვა „ეგზარქოსი“, არის ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას. ეს მე ვთქვი იმიტომ, რომ როდესაც დავინახე, რომ ქუჩაში ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს, ქალებს, ბიჭებს, მოხუცებს სცემდნენ, ასისხლიანებდნენ და მეუფისგან ერთი სიტყვა არ გამიგია, ნუ აკეთებთ ამასო. ეს ახალგაზრდები რუსეთის წინააღმდეგ იყვნენ გამოსული… ერთი სიტყვა არ გამიგია მეუფისგან, რომ რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მტერია…“, – უთხრა TV პირველს არქიმანდრიტმა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ 30 ოქტომბერს სოციალურ ქსელში გააზიარა ილია თოლორაიას განცხადება და დაწერა: „არცერთ ადგილობრივ ეკლესიაში, საქართველოს არცერთ ეპარქიაში, მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადება არ დარჩებოდა პასუხგაუცემელი. იმედია, არქიმანდრიტს (სახელი არ მახსოვს) ასევე მოუწევს პასუხის გაცემა ამ განცხადებაზე“.
საჯაროდ გაკეთებული განცხადებების გამო საპატრიარქოში დაბარებული იყო არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილიც. მისი საკითხი საეპარქიო კომისიას უნდა განეხილა. დოროთე ყურაშვილმა სხდომაზე მედიის დასწრება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო. 29 ოქტომბერს დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოსთან იყო სასულიერო პირებთან და მედიასთან ერთად მისული, თუმცა მედიის შეშვებაზე უარის გამო ის კომისიის სხდომაზე აღარ შესულა. საეპარქიო კომისიის მიმართვის საფუძველზე ილია II-მ დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის ეკლესიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლა და სამების ლავრაში განაწესა.