საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ გირჩის პერფორმანსი რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს

პუბლიკა

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე გირჩის მხარდამჭერების აქციას ეხმაურება. მისი აზრით ეს ეკლესიის შეურაცხყოფის მცდელობაა.

„ვნახე  კადრები. ეს არის ძალიან უგემოვნო, უშინაარსო პერფორმანსი, რელიგიური გრძნობების შელახვისა და ეკლესიის შეურაცხყოფის მცდელობა. თუმცა, ამ უგემოვნობასთან ერთად,  მათი სხვა უგემოვნებო და უაზრო პერფორმანსიც მახსენდება, რომელიც  საოკუპაციო ზოლთან გამართეს. ვფიქრობ, რომ უკეთესს არაფერს არც უნდა ველოდეთ მათგან. როგორც ჩანს, მათ აზროვნება ამ ჩარჩოშია მოქცეული”. – ამბობს ჯაღმაიძე.

შეგახსენებთ, რომ წარწერებით – „წმინდა ბიძინა“ „გირჩის“ მხარდამჭერები ფოტომონტაჟით დამზადებული „ივანიშვილის ხატებით“ ბიზნესცენტრისკენ  გაემართნენ, სადაც შეასრულეს სიმღერა „ვხედავ მეცხვარეს“.

პერფორმანსს გამოეხმაურა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კობახიძეც. მისი თქმით, “ხატთმებრძოლეობა კაცობრიობამ VIII საუკუნეში ჩააბარა წარსულს. ქართული ოპოზიცია ლიბერალიზმის სახელით XXI საუკუნეში VIII საუკუნის სიბნელეშია ჩარჩენილი!!!”

დაანონსებული გეგმის მიხედვით, დღეს პროტესტის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავს. მათი თქმით, მიზანი ხვალ დაგეგმილი პლენარული სხდომის ჩაშლაა.