საპატრიარქოსთან, სადაც სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს თორნიკე მამალაძე აქციას მართავს

პუბლიკა

საპატრიარქოსთან აქციას მართავს გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე. ის ამბობს, რომ მისი ძმა 4 წელია საპატრიარქოს და ხელისუფლების პირადი პატიმარია. თორნიკე მამალაძე მოითხოვს, ე.წ. ციანიდის საქმეზე შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

საპატრიარქოში სასულიერო პირები იკრიბებიან. 12 საათზე სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს. რაზე იმსჯელებენ სასულიერო პირები სინოდის სხდომაზე, ამის შესახებ საპატრიარქოში არაფერს ამბობენ.

თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ ის დიდი ხანია ითხოვს საპატრიაროსგან, შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

„პირველ რიგში მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სინოდის სხდომაზე იკრიბებიან, შევახსენო 3 წლის წინანდელი გადაწყვეტილება, რომ უნდა შექნილიყო საგამოძიებო კომისია, მაგრამ დღემდე არ შექმნილა. არ შექმნილა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ კარგად იციან თუ გამიძიება დაიწყება საპატრიარქოსა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გავა, ე.წ. ციანიდის საქმე“, – ამბობს თორნიკე მამალაძე.

გიორგი მამალაძის ძმა ამბობს, რომ ამ 4 წლის განმავლობაში არასოდეს შეუწყვეტია ბრძოლა და არც ეხლა აპირებს გაჩერებას. მისი თქმით, ის პარლამენტთან კარვის გაშლას აპირებს.


2020 წლის 17 მარტს, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის გადავადებაზე უარი უთხრა. დეკანოზ გიორგი მამალაძის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასჯელის გადავადება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” მოითხოვა.

დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. ორგანიზაციის ცნობით,  მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას.

გიორგი მამალაძის შეწყალებაზე უარი თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მას შეწყალების თხოვნით საპატრიარქომ სინოდის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა.

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წელს სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო.