საპატრიარქოსთვის ტყის გადაცემის საკითხზე საკონსტიტუციოში ხვალ სხდომა გაიმართება

პუბლიკა

ხვალ, 29 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლოში გამწესრიგებელი სხდომა გაიმართება – საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ რელიზშია აღნიშნული, გასაჩივრებული ნორმით, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაძლებელია საკუთრებაში გადაეცეს ტყეთა ფართობები, თითოეულ შემთხვევაში არაუმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

მოსარჩელე მხარის – სახალხო დამცველის აპარატის პოზიციით, სადავო ნორმით დადგენილი საგამონაკლისო წესი დისკრიმინაციულია, რადგან სხვა რელიგიური ორგანიზაციებისაგან განსხვავებით, მართლმადიდებელ ეკლესიას აძლევს შესაძლებლობას საკუთრებაში მიიღოს ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყეთა ფართობები.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს ეწინააღმდეგება სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ტყეთა ფართობების საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.