საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა „TV პირველის“ სიუჟეტის გამო სასამართლოს მიმართა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა გელა კვაშილავამ ტელეკომპანია „პირველის” მიერ მის შესახებ გავრცელებული  ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. კვაშილავა ამტკიცებს, რომ ინფორმაცია ცრუ და დაუსაბუთებელი იყო.

„სასამართლოს მივმართე სარჩელით და ტელეკომპანია „პირველისგან“ მოვითხოვ, უარყონ გავრცელებული ინფორმაცია და ჩემი უფლებების დარღვევისთვის ვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას. ჩემ შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია და გამოგონილი ამბები. დარწმუნებული ვარ, სიმართლე გაიმარჯვებს“, – განაცხადა კვაშილავამ.

გელა კვაშილავას ინტერესების დამცველი, მარიამ კერესელიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გავრცელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაცია მტკიცებით ფორმაში, რაც მიზნად ისახავდა მისი, როგორც პოლიციელის და სამინისტროს დისკრედიტაციას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული პოლიციელის უფლებების სამართლებრივ დაცვას განახორციელებს – ვისი, როგორც პოლიციელის მიმართაც, მოხდება ღირსების შემლახველი ინფორმაციის გავრცელება. სარჩელი გამყარებულია შესაბამისი მტკიცებულებებით და ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოს მიერ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა, გელა კვაშილავას ინტერესების დამცველმა მარიამ კერესელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 30 იანვარს ტელეკომპანია „პირველმა“ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა. მათივე ცნობით, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი. „მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა აუხსნა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა, რეპორტაჟი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა“, – აცხადებს შსს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა 4 თებერვალს ბრიფინგი გამართა, რომელზეც სხვადასხვა მედიასაშუალებაში გასული სიუჟეტების შესახებ ისაუბრა. მათ შორის იყო „TV პირველზე“ გასული სიუჟეტი გელა კვაშილავას შესახებ.

„ბოლო პერიოდში, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის ათეულის მეთაური – გელა კვაშილავა პირდაპირ დაადანაშაულა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში, გამოაქვეყნა მისი სურათი და მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ დაადასტურა აღნიშნული ფაქტი, შემდგომ ჩვენმა დეპარტამენტმაც დამატებით აუხსნა სიუჟეტის ავტორს, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა. რეპორტაჟი მაინც მტკიცებით ფორმაში გავიდა. ეს იყო ფეიკნიუსის კლასიკური მაგალითი“, – განაცხადა მაშინ გიორგობიანმა.