საპენსიო სააგენტო: ტექნიკური სამუშაოები დასრულდა და სერვისები აღდგა

პუბლიკა

დღეს, 29 აგვისტოს Facebook-ზე მოქალაქეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ საბანკო აპლიკაციებში საპენსიო დანაზოგის შესახებ ჩანაწერი გაუქრათ. საპენსიო სააგენტოს განმარტებით, ტექნიკური სამუშაო პროცესი უკვე დასრულდა და 1 საათია, რაც მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ყველა სერვისი აღდგა. მათ შორის, აღდგენილია ინტერნეტბანკთან წვდომაც.

„სამუშაო პროცესები უკვე დასრულებულია, შესაბამისად, უკვე ყველა ინტერნეტბანკთან, რომლებსაც ინტეგრირებული ჰქონდა საპენსიო სააგენტოსთან წვდომა, აღდგენილია. ეს არის სტანდარტული სამუშაო პროცესი და ჩვეულებრივ 3-4 თვეში ერთხელ საპენსიო სააგენტო IT-ინფრასტრუქტურის განახლებას ახორციელებს. ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ამიტომ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ წინმსწრებად შეტყობინება გაგვევრცელებინა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ძალიან ხშირად იმისთვის, რომ სისტემა იყოს მოქნილი, ვაკეთებთ ინფრასტრუქტურის განახლებას, განცხადებაც აუცილებლად გავრცელდება“, – უთხრეს „პუბლიკას“ საპენსიო სააგენტოში.