საპენსიო სესხის მაქსიმალური ზღვარი 26% იქნება - უწყებათაშორისი კომისია

პუბლიკა

საბანკო მომსახურების პირობების განსაზღვრის უწყებათაშორისმა კომისიამ  განსაზღვრა საკონკურსო პირობები, რომლის მიხედვითაც პენსიებისა და საპენსიო სესხების გამცემი ბანკი შეირჩევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს გამართულ კომისიის სხდომაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეირჩევა ბანკი, რომელიც  ახალი პირობებით გაცემს პენსიებს და სესხებს საპენსიო უზრუნველყოფით.

„კომისიის წევრებმა ასევე იმსჯელეს იმ საპროცენტო განაკვეთზე, რომელსაც პენსიონერები პენსიებით უზრუნველყოფილ სესხებზე იღებენ. კომისიის გადაწყვეტილებით, საპენსიო გასაცემლებით უზრუნველყოფილი სესხის მაქსიმალური ზღვარი დღევანდელი მოცემულობით 26% იქნება, რომელიც მომავალში, ინფლაციის დასტაბილურების შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ უფრო შემცირდეს, “- ამბობენ მთავრობაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ვიცე-პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ კონკურსში ბანკების მხრიდან მაღალი კონკურენცია იქნება, რაც უზრუნველყოფს პენსიონერების უფლებების დაცვას და მათთვის მაქსიმალურად მისაღები პირობების შეთავაზებას.

უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრაში მონაწილეობდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. კომისიის საქმიანობაში ასევე ჩართულია საქართველოს ეროვნული ბანკი.