საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაგროვებითი საპენსიო სქემაში დასაქმებულთა ჩართვისა და დამსაქმებელთა შენატანის სავალდებულოობის არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე GDI-ის სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო.
უფრო კონკრეტულად კი, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია საპენსიო სქემაში დასაქმებულთა სავალდებულოდ ჩართვისა და მათ სასარგებლოდ დამსაქმებლის შენატანების დავალდებულების კონსტიტუციურობის შემოწმების მოთხოვნა საკუთრების უფლებასთან მიმართებით.
რაც შეეხება სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების მოთხოვნას, სასამართლომ ამ ნაწილში მოსარჩელეთა მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. თუმცა, როგორც GDI აღნიშნავს, განჩინებას თან ერთვის მოსამართლე, ირინე იმერლიშვილის, განსხვავებული აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ სასამართლოს საპენსიო სქემაში დამსაქმებლის მიერ შენატანის განხორციელება გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა შეეჩერებინა.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 11 იანვარს GDI-მ მიმართა. სადავო ნორმები ადგენს დასაქმებულის დაგროვებით საპენსიო სქემაში სავალდებულოდ ჩართვის წესს, რაც თავის მხრივ დამსაქმებელს დასაქმებულის სასარგებლოდ საპენსიო სქემაში კონტრიბუციის განხორციელებას ავალდებულებს.
„მიგვაჩნია, რომ სადავო ნორმები არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლებას. ასევე, კონსტიტუციურ სარჩელში თანასწორობის უფლებასთან წინააღმდეგობის არგუმენტით სადავოდ იყო გამხდარი საპენსიო სქემაში დასაქმებულის სასარგებლოდ სახელმწიფოს მონაწილეობის საკითხი”, – წერს GDI.
სადავო ნორმათა არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლო უკვე არსებით სხდომაზე იმსჯელებს.