საპენსიო სქემა არ არის მოკლევადიანი პრობლემის გადასაჭრელად, პანდემია არის მოკლევადიანი პრობლემა - თურნავა

პუბლიკა

ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საპენსიო ფონდის გახსნა საიმისოდ, რომ მასში ჩართულმა პირებმა არსებული დანაზოგის უკვე გამოყენება შეძლონ, არ იგეგმება.

„ყველა ის ღონისძიება, რასაც ვთავაზობთ, სოციალური დახმარების პაკეტი არის სრულად უზრუნველყოფილი ბიუჯეტიდან და ჩვენ ამის საკმარისი სახსრები გვაქვს.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, მომავალი პარლამენტი სწრაფად განიხილავს მომავალი წლის ბიუჯეტს და ეს აისახება ნაწილობრივ წლევანდელ ბიუჯეტში, ნაწილობრივ – მომავალი წლის ბიუჯეტში;

რაც შეეხება ისეთ საკითხს, როგორიცაა საპენსიო დანაზოგი, საპენსიო რეფორმა, საპენსიო სქემა და ფონდი – ეს არის  გაცილებით უფრო გრძელვადიანი საკითხი; საპენსიო რეფორმა არის ერთ-ერთი ფუძემდებლური რეფორმა და ჩვენ არ უნდა მივაყენოთ რამე ჩრდილი, არ გავაკეთოთ მისი დისკრედიტაცია, რა პრობლემებიც უნდა დაგვიდგეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

თურნავას თქმით, საპენსიო სქემა არ არის მოკლევადიანი პრობლემის გადასაჭრელი საკითხი და „პანდემია არის მოკლევადიანი პრობლემა“ თუ შევადარებთ საპენსიო სქემასა და მის ხანგრძლივობას.

„პორბლემა დიდია, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.