საპირფარეშოთი სარგებლობა, წყლითა და საკვებით უზრუნველყოფა - EMC-ის შეფასება პოლიციის სამმართველოებზე

პუბლიკა

არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით EMC-ის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ პოლიციის კონტროლის ქვეშ პოლიციის დანაყოფში მყოფი 16 მოქალაქიდან, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 12 მოქალაქის შემთხვევაში, საპირფარეშოთი სარგებლობა, წყლითა და საკვებით უზრუნველყოფა პოლიციის თანამშრომელთა „კეთილ ნებაზე“ იყო დამოკიდებული, – ამის შესახებ ნათქვამია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) კვლევაში – „არასათანადო მოპყრობის პრევენცია პოლიციის საქმიანობაში”.

„ყველა ხსენებულ საქმეში პოლიციის სამმართველოში დაკავებული, საათნახევრიდან სამ საათამდე ხანგრძლივობით ვიდეომეთვალყურეობისგან თავისუფალ სივრცეში იმყოფებოდა და შესაბამისად, ამ პირებთან პოლიციელთა ურთიერთობის დოკუმენტირება არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა. ერთ-ერთ საქმეში, დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში, დაკავებული მოქალაქე დამკავებელ პოლიციელთან ერთად პოლიციის განყოფილების ეზოში იყო დაყოვნებული. მას, ამ ხნის განმავლობაში, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დამკავებელმა პოლიციელმა საპირფარეშოთი სარგებლობის უფლება არ მისცა, რაც ბუნებრივი მოთხოვნილების ადგილზე დაკმაყოფილების მიზეზი გახდა და დაკავებულის დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩენა განაპირობა”, – ნათქვამია EMC-ის ანგარიშში.

EMC წერს, რომ პოლიციის სამმართველოებში არც ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არის დაკავებულთა საპროცესო უფლებები და საჭიროებები ადეკვატურად უზრუნველყოფილი. პრაქტიკაში ხშირია დაკავებულთა რამდენიმესაათიანი დაყოვნება პოლიციის განყოფილების საერთო სივრცეში, როდესაც საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობას დამკავებელი პოლიციელ(ებ)ის გარდა, სამართალდამცავი უწყების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან ან უშუალოდ დაკავებულთან ურთიერთობას ამყარებენ.

„პრაქტიკული გამოცდილებით, პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში განსაკუთრებით გავრცელებულია არასათანადო მოპყრობის სავარაუდო მსხვერპლთან პოლიციელთა მოლაპარაკებების მცდელობები, დაკავებულის მიმართ განხორციელებული ძალადობის თუ სხვა შეურაცხმყოფელი ქმედებების გაცხადებისგან თავის შეკავების შესახებ”, – წერს EMC.

ანგარიშის მიხედვით, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის სახელმძღვანელო მითითებების თანახმად, „ქვეყნებში, სადაც პოლიციის დაწესებულებებში საკნებია მოწყობილი, მინიმალური სტანდარტის დასაკმაყოფილებლად, საპოლიციო პატიმრობაში მყოფი პირებისთვის მისაწვდომი უნდა იყოს სათანადო საპირფარეშო შესაფერისი პირობებით და დაბანის სათანადო საშუალებები. მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა სასმელ წყალზე და უზრუნველყოფილი იქნენ საკვებით შესაფერის დროს, მათ შორის, სულ ცოტა ერთი სრულყოფილი სადილით (მაგალითად, რაიმე უფრო ნოყიერით, ვიდრე სენდვიჩი) ყოველ დღე. პირებს, რომლებიც საპოლიციო პატიმრობაში რჩებიან 24 საათით ან უფრო ხანგრძლივი დროით, შეძლებისდაგვარად უნდა მიეცეთ სუფთა ჰაერზე ვარჯიშის საშუალება ყოველ დღე”.

EMC  მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შემთხვევაში, პოლიციის დაწესებულებაში დროებითი საპატიმრო საკნები მოწყობილი არ არის, როდესაც პირს პოლიციის დანაყოფებში აყოვნებენ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი პირების პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი პირობები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამართალდამცავ უწყებაში არ მიმდინარეობს დაკავებული პირის მიერ ადვოკატთან წვდომის თაობაზე მოთხოვნის დოკუმენტირება, რის გამოც, პრაქტიკაში შეუძლებელია დადგინდეს პოლიციელთა წინაშე დაკავებულის ამგვარი მოთხოვნის დაყენების რეალური დრო და სამართალდამცავთა მხრიდან ადვოკატის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;

„EMC-ის საქმეთა ანალიზის თანახმად, სხვადასხვა რეგიონში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 16 პირიდან 12-ს, რომელთაც პოლიციის განყოფილებებში ფიზიკურად გაუსწორდნენ, სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული პროცესის ადვოკატის მონაწილეობის გარეშე ჩატარება პროცესის კიდევ უფრო „გართულების“ თავიდან ასაცილებლად „ურჩიეს“. მოწყვლად მდგომარეობაში მყოფი დაკავებულებისთვის პოლიციელთა ამგვარი კომუნიკაცია დამატებითი ფსიქოლოგიური წნეხია, რის გამოც, დაკავებულები სამართალდარღვევის პროცესზე პოლიციელთა პოზიციის დადასტურების სტრატეგიას და უადვოკატოდ საქმის სწრაფად განხილვას ირჩევენ”, – ნათქვამია ანგარიშში.


მეთოდოლოგია: საქართველოში პოლიციის თანამშრომელთა მიერ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის გამოძიების პრობლემები დოკუმენტში გაანალიზებულია EMC-ის წარმოებაში არსებულ საქმეებზე დაყრდნობით, რომლებიც 2017 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საპოლიციო დანაყოფის თანამშრომლების მიერ ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეებს მოიცავს. პოლიციის თანამშრომელთა კონტროლის ქვეშ მყოფი პირების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე EMC-ის წარმოებაში, 2017 წლიდან დღემდე, 6 სისხლის სამართლის საქმეა, რომელშიც სამართალდამცავი უწყების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობა 16 მოქალაქის მიმართ განხორციელდა.

საქმეთა ერთგვაროვანი პრობლემების განსახილველად, დამატებით ინსტრუმენტებად გამოყენებულია საჯარო ინფორმაცია, არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზი.