„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” (ყოფილი EMC) ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების დროს გამოყენებული საპოლიციო ღონისძიებების ანალიზი გამოაქვეყნა. დოკუმენტში შეფასებულია, რამდენად კანონიერი და პროპორციული იყო სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებული საპოლიციო იძულების ღონისძიებები პროტესტის მიმდინარეობისას.
,,სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიან პროტესტს სახელმწიფო ძირითადად საპოლიციო ძალებით პასუხობდა, რა დროსაც უგულებელყოფილი იყო პრობლემის გადაჭრის კონსტრუქციული და დიალოგზე ორიენტირებული გზები. მიმდინარე წლის აპრილიდან, სოფელ ნამოხვანში და მიმდებარე ტერიტორიებზე საპოლიციო ძალების მობილიზებამ ინტენსიური სახე მიიღო.
გთავაზობთ ორგანიზაციის შეფასებას, რომელიც სწორედ ამ პერიოდიდან სახელმწიფოს მიერ გამოყენებულ საპოლიციო ღონისძიებებს მოიცავს:
1 – 3 აპრილიდან რიონის ხეობაში ნამოხვანისკენ მიმავალ გზებზე აბსტრაქტული საფრთხის მოტივით პოლიციის ბლოკპოსტების ჩადგა, რასაც შედეგად მოჰყვა პროტესტის თავდაპირველი კერის – სოფელი ნამოხვანისკენ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა. სამართალდამცავების მიერ განმარტებული არ ყოფილა, თუ რა კონკრეტული და მყისიერი საფრთხის პრევენციას ემსახურებოდა აღნიშნული ღონისძიებები. შედეგად, სამართალდამცავი ორგანოების აღნიშნულ გადაწყვეტიულებას შედეგად მოჰყვა როგორც გადაადგილების თავისუფლების, ისე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში დაუსაბუთებელი და დისპროპორციულად ჩარევა;
2 – დაუსაბუთებელი და არაპროპორციული იყო სამართალდამცავების მოქმედება 11 აპრილს, როდესაც პოლიციამ სოფელ ნამოხვანში რიონის ხეობის მცველების კარვები დაშალა და ადგილზე დარჩენილ აქციის მონაწილეებს პროტესტის ამ ფორმით გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა. სამართალდამცავებმა კარვების დაშლის საფუძვლად მდინარე რიონის ადიდების საფრთხე მიუთითა, რისი რისკებიც რელევანტური მეტეოროლოგიური საექსპერტო დასკვნით დღემდე არ არის დადასტურებული.
ამასთან, პოლიციამ აქციის მხარდამჭერებს სოფელ ნამოხვანში, გონივრულ ალტერნატიულ სივრცეში კარვების განთავსებაზეც უარი განუცხადა; კარვების აღებიდან მეორე დღეს კი ის ტერიტორია გადათხარა, სადაც კარვები იყო განთავსებული. აღნიშნული კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ პოლიციის მიზანი არა აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, არამედ კონკრეტულ ადგილას, ნამოხვანში შეკრების პროცესის შეწყვეტა იყო. აქციის ორგანიზატორებისთვის კი სწორედ სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე აქციის ჩატარება იყო გამოხატვის არსებით კომპონენტი, რადგან ამ ლოკაციიდან უშუალოდ შეეძლოთ ჰესის მოსამზადებელ სამუშაოებზე ვიზუალური დაკვირვება და პროტესტის ადრესატამდე მიტანა. აქციების განგრძობადი ხასიათიდან გამომდინარე კი კარვები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იყო, რათა მონაწილეებს ეფექტიანად ესარგებლათ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით.
3 – პოლიცია ნამახვანჰესის აქციის მონაწილეების მიმართ ისეთ რეპრესიულ მეთოდებსაც იყენებდა, როგორიცაა დაკავება და ჯარიმები, რაც პროცესის ესკალაციას უწყობს ხელს და რადიკალიზების საფრთხეებს ზრდის.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” შეფასებით, სახელმწიფო თავისი ხისტი და რეპრესიული პოლიტიკით, კერძოდ, საპოლიციო ძალების მეშვეობით, დაუსაბუთებლად და თვითნებურად ერევა რიონის ხეობის მცველების მშვიდობიან შეკრების უფლებაში. გაძლიერებული საპოლიციო ღონისძიებებით „რიონის ხეობის მცველების” ფუნდამენტურ უფლებებში ამგვარი უხეში და დაუსაბუთებელი ჩარევა კი პროცესების დამატებით გართულების რისკებს ქმნის.