„საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ“ - თსუ-ის წინ „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ აქციას გამართავს

პუბლიკა

„უნივერსიტეტის ღირსებისთვის – საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ“ – 22 მარტს, 13:45 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ „მაისის სტუდენტური მოძრაობა“ აქციას აანონსებს.

სტუდენტები მოითხოვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო განცხადებას ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით. ისინი აღნიშნავენ, რომ სტუდენტური საცხოვრებელი არ უნდა იქცეს კონტროლის გამარტივებულ მექანიზმად, რომლის საშუალებით, სამართალდამცავი ორგანოები, მოახდენენ უფლებრივ სეგრეგაციას კერძო ბინებსა და საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებს შორის და ამ სეგრეგაციის პრინციპით, გააკონტროლებენ საერთო საცხოვრებელში მყოფ სტუდენტებს.

იხილეთ განცხადება სრულად:

„უნივერსიტეტმა მხოლოდ პოსტფაქტუმ გადაწყვიტა, მიემართა შსს-თვის, „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ საჯარო განცხადების შემდეგ. სტუდენტებისთვის მიუღებელია აკადემიურ სივრცეში, უნივერსიტეტის გვერდის ავლით, სამართალდამცავების მიერ თვითნებური ქმედებების განხორციელება. სწორედ ამგვარი ქმედება იყო ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლა უნივერსიტეტის და სტუდენტების ინფორმირების გარეშე. სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია სტუდენტების სამართლიანი მღელვარება, რასაც წინ უძღვოდა თბილისში 7-9 მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციები.

ჩვენთვის, ასევე, მიუღებელია უნივერსიტეტის ერთერთი წარმომადგენლის პოზიცია, რომელმაც მედიასთან განაცხადა, რომ ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ ძალადობას ან „ხელის გადაგრეხვას“, რაც სრულიად არ არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ მომხდარი ფაქტი დავგმოთ. მათი ვარაუდის თანახმად, ეს, შესაძლოა, ყოფილიყო „გეგმიური შემოწმება“, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, როგორც ადმინისტრაციის წევრები ამბობენ, წარსულში ხდებოდა უნივერსიტეტის ინფორმირება. წელს ასე არ მოხდა.

სტუდენტურ საცხოვრებელში სტუდენტები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ!
სტუდენტური საცხოვრებელი არ უნდა იქცეს კონტროლის გამარტივებულ მექანიზმად, რომლის საშუალებით, სამართალდამცავი ორგანოები:

1. მოახდენენ უფლებრივ სეგრეგაციას კერძო ბინებსა და საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებს შორის
2. ამგვარი სეგრეგაციის პრინციპით, გააკონტროლებენ საერთო საცხოვრებელში მყოფ სტუდენტებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მოგიწოდებთ, საჯაროდ განაცხადოთ და დაგმოთ, როგორც თქვენი უპასუხისმგებლობა, ასევე, პოლიციის თვითნებური ქმედება. ამის აუცილებლობას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება განაპირობებს:

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით, „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ ჩამოყალიბების შემდეგ, სტუდენტების პრობლემები მუდმივი განხილვის საგანია და, ამავდროულად, თავის ტკივილი ეკონომიკური და მისი მსახური პოლიტიკური კლასისთვის. ამას ემატება ისიც, რომ 7-9 მარტს გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებში სტუდენტთა დიდი ნაწილი აქტიურად იყო ჩართული.
შსს-მ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ყველა შესაძლო გზით უნდა სცადონ ჩვენთვის ყოვლად მიუღებელი სცენარის გაქარწყლება, რომ ბაგებში სამართალდამცავების შესვლის მიზანი იყო მუქარა და ძალის დემონსტრირება.

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ არ მიიღებს საუბრის ამგვარ მანერას!
აუცილებელია მკაფიო პასუხი სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის მხრიდან. ვინაიდან, ამ ეტაპზე მყისიერი პასუხი არ ჩანს, სტუდენტები ვმოქმედებთ უნივერსიტეტში ძალაუფლების გადამეტების ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ!“, – აცხადებს „მაისის სტუდენტური მოძრაობა“.