საპრივატიზაციო ნუსხა კიდევ უნდა გავზარდოთ - კალაძის დავალება ვიცემერს

პუბლიკა

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის ვიცემერს, ირაკლი ხმალაძეს მიმართა, რომ კიდევ მოიძიოს გასაყიდი მიწები და ნაგებობები, რათა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შემოსავალი გაიზარდოს.

„იმიტომ, რომ შემოსავლების ნაწილში სერიოზული კლება და სერიოზული პრობლემები გვაქვს. მე მესმის, რომ ბევრი რაღაცა დახურულია ამ ვითარებიდან გამომდინარე და ჯერ კიდევ არ არის ის ეკონომიკური აქტივობები, რომელიც მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტისთვის, შესაბამისად, მოიძიეთ ყველაფერი იმისთვის, რომ გავზარდოთ შემოსავლები, ჩავრთოთ ბიზნესსექტორი და რაც გვაქვს შესაძლებლობა, ეს საპრივატიზაციო ნუსხა კიდევ უფრო გავზარდოთ იმისთვის, რომ გვქონდეს მეტი შემოსავალი და ამით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევძლებთ უფრო მეტი პროექტის განხორციელებას, უფრო მეტ ადამიანზე დახმარებას და ხელშეწყობას, ეს შეიძლება იყოს სოციალური პროგრამები, ჯანდაცვის პროგრამები და ა.შ.“, – განაცხადა კალაძემ.


კახა კალაძემ საპრივატიზაციო ობიექტების მოსაძებლად მაისშიც მიმართა ვიცე-მერს. 8 ივლისს ქალაქის მერმა მუნიციპალური პოლიკლინიკების პრივატიზაციის მიზნით აუქციონების გამოცხადება დააანონსა.