საპროცესო კანონმდებლობას ტერმინი „პროცესუუნარო პირი“ ემატება - კანონპროექტი

პუბლიკა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი „პროცესუუნარო პირი“.

„ქართული ოცნების“ პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე დაჩქარებული წესით განიხილავს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებს თანმდევ პროექტებთან ერთად.

კანონში ინიციირებული ცვლილების მიხედვით, პროცესუუნარო პირი – იქნება ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო უნარი არ შესწევს, შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს.

კანონპროექტით განისაზღვრება პროცესუუნარო პირის საქმის არსებითი განხილვის პროცესში მონაწილეობისა და სასჯელის მოხდის წესები.

  • პროექტის მიხედვით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკურად დაავადდა, რის გამოც პროცესუუნარო გახდა, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მკურნალობის მიზნით, მოსამართლე არ იწყებს საქმის არსებით განხილვას ან აჩერებს საქმის განხილვას 3 თვით.
  • მოსამართლე არსებითი განხილვის შეჩერების ან არდაწყების შესახებ გადაწყვეტილებას ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიღებს.
  • საქმის არსებითი განხილვა დაიწყება/გაგრძელდება, თუ დადგინდება, რომ პირი პროცესუნარიანი გახდა ანდა გავიდა 3 თვე.
  • თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხადობის გამო იგი პროცესუუნარო გახდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა გრძელდება საერთო წესით.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონში ცვლილების შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეფუძნება.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ბრალდებულის შეურაცხადობის შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის შეჩერებას მის გამოჯანმრთელებამდე. მოქმედი კანონმდებლობით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ შეურაცხადი გახდა, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს და განსაზღვრავს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდას შესაბამის სამედიცინო-სამკურნალო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გრძელდება.

ერთ-ერთ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა, რომ კონსტიტუციის მოთხოვნებს არ პასუხობს იმ პირის დამნაშავედ ცნობა, რომელსაც არ შესწევს უნარი, განახორციელოს ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ექსკლუზიურად მისი გასაკეთებელია და მას ადვოკატი სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს.

ამავე მსჯელობაში საკონსტიტუციო სასამართლო ამბობს, რომ ბრალდებულისთვის თავის დაცვის შესაძლებლობის წართმევა სამართალწარმოებას უსამართლო პროცესად აქცევს, ამიტომ საჭიროა, სამართალწარმოების პროცესში ბრალდებულის მონაწილეობისთვის სათანადო შესაძლებლობები შეიქმნას.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება და მას სამივე მოსმენით მიმდინარე კვირის სხდომებზე მიიღებენ.