საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე ჩვენი პოზიცია მკვეთრად უარყოფითი იყო – ლონდარიძე

პუბლიკა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა. ზაზა სარალიძის უფლებადამცველის, ნესტან ლონდარიძის თქმით, საქართველოს პროკურატურამ დაზარალებულის უფლებამონაცვლის, ზაზა სარალიძის ნების უგულებელყოფით გააფორმა საპროცესო შეთანხმება გიორგი ჯანაშიასთან და საქმეში საპროცესო შეთანხმებაზე ზაზა სარალიძის თანხმობა არ არსებობს.

გიორგი ჯანაშიას მისჯილი 11 წლიდან და 3 თვიდან, საბოლოოდ, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. აქედან 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება.

„ეს საპროცესო შეთანხმება არის ნათელი მაგალითი დღევანდელი პროკურატურის, რომელმაც უგულებელყოფით გააფორმა აღნიშნული შეთანხმება. არც ერთი წერილობითი დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც დაადასტურებდა ზაზა სარალიძის თანხმობას საპროცესო შეთანხმებაზე.

კანონი ითვალისწინებს დაზარალებულის ინფორმირებულობას, რომ იყოს მისი პოზიცია დაფიქსირებული. ჩვენი პოზიცია იყო მკევთრად უარყოფითი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე“, – განაცხადა ნესტან ლონდარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

„განცხადება გაკეთდა იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლა ჯანაშიამ და მისცა აღიარებითი ჩვენება. მისი აღიარება მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ გაუფორმდა საპროცესო. მე ყველგან მოვისმინე მისი ჩვენებები და მოვისმინე ბოლო ჩვენებაც მიხეილ კალანდიას ბრალთან დაკავშირებით.  ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ არანაირი მნიშვნელოვანი დეტალი და/ან გარემოება არ დაუკონკრეტებია გიორგი ჯანაშიას, რომელსაც მივიჩნევდით თანამშრომლობად. იყო მცირედი დეტალები, რომელიც ვერ გახდება მიზეზი, რომ თანამშრომლობად შევაფასოთ. მას გულწრფელი აღიარება არ ჰქონია.

ჯანაშია მიუთითებს, რომ ერთი მოქნევით მიაყენა მცირედი ჭრილობა დავით სარალიძეს. ეს თანამშრომლობა და აღიარება არ არის. თუ ეს მიიჩნიეთ თანამშრომლობად, მაშინ გუგა ბარბაქაძეს რატომ არ უფორმდება საპროცესო შეთანხმება“ – ამბობს ნესტან სარალიძე.

მისივე თქმით, ზაზა სარალიძე საპროცესო შეთანხმების წინააღმდეგია, თუმცა წლებთან დაკავშირებით არ დავობს.

„ზაზა სარალიძის პოზიცია იყო შემდეგი – ის წლებთან დაკავშირებით არ დავობდა და ეს პოზიცია ახალი არ არის. ზაზა სარალიძე წლებთან დაკავშირებით არ დავობს, რადგან მისთვის მთავარია, გამოვლინდნენ დამნაშავე პირები.

ზაზა სარალიძემ ჩემთან საუბრისას აღნიშნა რომ აზრი არ აქვს დავას, რადგან, როცა 10 წელი გავა, დათუნას მკვლელობაში  ბრალდებულები გამოვლენ და გააგრძელებენ ცხოვრებას, დათუნა კი აღარ გაცოცხლდებაო. მისი მთავარი პოზიციაა, რომ საქმეში გამოვლინდნენ დამნაშავე პირები“, – ამბობს ნესტან ლონდარიძე.