საპროტესტო აქციაზე დაკავებული „ლელოს“ წევრები გაათავისუფლეს

პუბლიკა

დღეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ასაპროტესტო აქციისას დაკავებული პარტია „ლელოს“ რამდენიმე წვერი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

პარტიის  პრესსამსახურის ცნობით, დაკავებული იყო  საბა ბუაძე, ირაკლი კუპრაძე, თაზო დათუნაშვილი, ლუკა თევზაძე, გიორგი ტალახაშვილი და კიდევ 2-3 პირი, რომელიც „ლელოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

„ეს იყო უბრალოდ ჩვენი პროტესტი იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დაწინაურებას ვაპროტესტებდით, ამ გროტესკული პერსონაჟების, რომლებთანაც კარგი არაფერი არ ასოცირდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დაგვაკავეს იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ ამ ქვეყანაში იმ ადამიანების დაწინაურება რომელბიც სამოქალაქო დაპირისპირებას უწყობენ ხელს – ჩვენ ამას მშვიდად არ შევეგუებით“,- განაცხადა გათავისუფლების შემდეგ საბა ბუაძემ.

დღეს პარლამენტის შენობის წინ აქტივისტებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო. აქტივისტებს სურდათ, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელიდან კარვები და ბანერი წარწერით – „არ შეგარჩენთ გაყალბებულ არჩევნებს“, პარლამენტის შენობის წინ გადაეტანათ, რის შესაძლებლობასაც მათ პოლიცია არ აძლევდა.

შსს-ს ცნობით, დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე 25 პირი დააკავეს.