საპროტესტო აქციაზე ნაცემი გია ჯვარშეიშვილი მოსამართლე ცაგარეიშვილმა 2200 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

საპროტესტო აქციაზე ნაცემი გია ჯვარშეიშვილი მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 2200 ლარით დააჯარიმა პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.

გია ჯვარშეიშვილი შშმ პირების უფლებათა აქტივისტია. მას ბესიკის ქუჩაზე 2 დეკემბერს სცემეს.

სასამართლო პროცესზე ჯვარშეიშვილი ჰყვებოდა, რომ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, ასევე, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ, მათ შორის, გაუპატიურებითაც.

ჯვარშეიშვილს ეს თხრობა შეაწყვეტინა მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა – მისი თქმით, „ამ საკითხს სასამართლო ვერ განიხილავს მოცემული დავის ფარგლებში“.

„თუკი თქვენ ფიქრობთ და მიგაჩნიათ, რომ დაკავების პროცესში სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი, უნდა მიმართოთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

პოლიციელების მხრიდან ცემის შედეგად გია ჯვარშეიშვილმა მიიღო ტვინის შერყევა, ნაღრძობი ჰქონდა ფეხი, მოტეხილი ჰქონდა ნეკნები. მას ასევე ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი და საფულე, და წაართვეს ზურგჩანთა.

„აბსოლუტური სისასტიკით მცემეს, მაგინეს, მომიხსენიებდნენ ღირსების შემლახავად. ყველა შესაძლო ის მეთოდი გამოიყენეს, რაც შეეძლოთ, დროის მცირე მონაკვეთში გამოეყენებინათ, ნეკნები მაქვს მოტეხილი. გაუსაძლისი ტკივილი რახან მქონდა და ვერც დავჯექი, ამიტომ გაატანეს ჩემი თავი სასწრაფოს. მხოლოდ მანქანაში მცემდნენ, დაკავების შემდეგ. მანამდე ამბობდნენ, არ დაარტყათ, რომ არ გამოჩნდესო. მანამდე ჩუმად მირტყამდნენ კორიდორში.

ერთი ამბობდა, „ამან ისროლა მოლოტოვიო”, მოდიოდა სხვა და ის აგრძელებდა ცემას. მსგავსი რამ სხვაზეც გააკეთეს“, – ჰყვებოდა ჯვარშეიშვილი 3 დეკემბერს „ფორმულასთან“.