28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების გამო ერთ-ერთი დაკავებული, 21 წლის გიორგი მინდაძე კვლავ პატიმრობაში რჩება.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო თარაშვილმა მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე და გადასინჯეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ხედავს, რადგან გიორგი მინდაძე წარსულში ორჯერაა ნასამართლევი.
გიორგი მინდაძე დუმილის უფლებას იყენებს. მისი ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, გიორგი მინდაძეს 29 ნოემბერს აქციაზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას ბრალი სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი. ის 1 დეკემბერს მცხეთაში დააკავეს.
მინდაძის ადვოკატის, ვახტანგ მთიულიშვილის თქმით, საქმეში მტკიცებულებად დევს ფოტოსურათი, სადაც მას პიროტექნიკა უჭირავს და პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ მინდაძის ნასროლი პიროტექნიკა მოხვდა და ფეხი დაუზიანდა.
„პუბლიკის“ ინფორმაციით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებიდან მიმდინარე აქციების ჩათვლით პერიოდში სისხლის სამართლის წესით პატიმრობაში 49 პირი იმყოფება.