საპროტესტო აქციის მონაწილეები შუქრუთიდან ჭორვილისკენ მიემართებიან

პუბლიკა

ამ წუთებში შუქრუთელები სოფელ ჭორვილასკენ, საპროტესტო აქციით მიემართებიან.

„მშვიდობიანი მსვლელობით მივდივართ სოფელ ჭორვილაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან, ჩვენი მოთხოვნების კიდევ ერთხელ დასაფიქსირებლად”. – ამბობენ მონაწილეები.

165 დღეა, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა უწყეტ პროტესტს მიმართავს. მათი თქმით, „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად სოფელში დაინგრა სახლები, დაზიანდა ნიადაგი, ეზოები და ნაკვეთები.

„ჩვენ ვცხოვრობთ სახლებში, რომლებიც დაბზარულია, დანგრევის პირასაა. ნაპრალებიან ეზოებში და ქუჩებში დავდივართ. რომელ წამს დაიმარხება სოფელი არავინ იცის და არც არავინ იღებს ამაზე პასუხისმგებლობას”, – ამბობენ ისინი. 

შუქრუთის მოსახლეობას ამ მდგომარეობას 2021 წელსაც აპროტესტებდა, რა დროსაც მათ პროტესტის უკიდურეს ზომებსაც მიმართეს. 

2021 წლის მათი პროტესტი კომპანიასთან კონკრეტული შეთანხმების შედეგად შეწყდა,  თუმცა 2024 წლის 14 მარტს ადგილობრივები კიდევ გაიფიცნენ. მათი თქმით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ სრულიად უგულებელყო სამი წლის წინ მათთან დადებული შეთანხმება. 

ამასთან, როგორც 31 ივლისს გახდა ცნობილი, სოფელ შუქრუთის პროტესტის მონაწილეების, გიორგი ნეფარიძეს, რომან მეგრელიშვილსა და მალხაზ ლაბაძეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. მათ გამოძიება ჯგუფური მოქმედების ორგანიზებით საწარმოს მუშაობის შეფერხებას ედავება.