საპროტესტო აუდიოჩანაწერების გამო მერია ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის აპარატებს დროებით თიშავს

პუბლიკა

მასალა განახლებულია „საქართველოს ბანკის“ და შსს-ს პასუხით

საპროტესტო აუდიოჩანაწერების გამო მერია ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის აპარატებს დროებით თიშავს.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება.

დილიდან მოქალაქეები ავრცელებენ ვიდეოებს, რომლებშიც ისმის, რომ თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ირთვება საპროტესტო აუდიოჩანაწერი.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.

„პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება“, – აცხადებენ მერიაში.

აღნიშნულს გამოეხმაურა თბილისის მერიც:

„ავტობუსებში და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს „აზრი, შპს „მს+“. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს. გადახდები შეჩერებულია ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, რადგან შეუძლებელია. აპარატები ვერ მუშაობს, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რა თქმა უნდა, აგრძელებს მუშაობას და ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას. გადახდას ვერ ახერხებენ მგზავრები, შესაბამისად, ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება მოსახლეობას. გამოძიება დაადგენს, თუ საიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვის მიერ განხორციელდა კიბერშეტევა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით „პუბლიკა“ კომპანიებს – შპს „მს+“ და შპს „აზრს“ დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

„საქართველოს ბანკიდან“ „პუბლიკას“ მისწერეს:

„ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემას ბანკისგან დამოუკიდებლად მართავენ შპს „მს+“ და შპს „აზრი“. დაფიქსირდა აპარატების ტექნიკური ხარვეზი, რომლის აღმოსაფხვრელადაც მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები“.

შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.