დღეს, 7 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ ჯამში 8 ადამიანს შეუფარდა პატიმრობა.
6 ადამიანის: ჯანო არჩაიას, ონისე ცხადაძის, უკრაინის მოქალაქე რუსლან სივაკოვის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაზე გადაწყვეტილება თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა.
ანდრო ჭიჭინაძემ სასამართლო პროცესზე თქვა:
„სიმართლე როცა შენს მხარეს არის, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია დღეს აქ არის”.
ხოლო ონისე ცხადაძემ პატიმრობის გირაოთი შეცვლა ითხოვა:
„არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია. შემიძლია დავიფიცო, რაც გინდათ ის. ამ შემთხვევაში ჩემს ძმას დავიფიცებ, აქ არის. ძმას ვფიცავარ, რომ არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიმიღია და ყოვლეთვის მხოლოდ ჩემს ქმედებებზე ვარ პასუხისმგებელი.
მე არანაირ მტკიცებულებაზე ხელი არ მიმიწვდება, რომლის განადგურებაც შემიძლია.
პირობას ვდებ, რომ გამოძიებასთან ვითანამშრომლებ თავიდან ბოლომდე. სასამართლოსთანაც და პროკურატურასთანაც. არსად მიმალვას არ ვაპირებ. ფიზიკურად შეუძლებელია, რომ სადმე მივიმალო, არსად წასასვლელი მე არ მაქვს. არავის არაფერში ხელს არ შევუშლი და გთხოვთ, აღკვეთის სახით შემიფარდოთ გირაო”.
მოსამართლემ მისი ეს თხოვნა არ გაითვალისწინა.
ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, ჯანო არჩაიას, უკრაინის მოქალაქე რუსლან სივაკოვს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დღესვე მოსამართლე დავით მგელიაშვილმა პატიმრობა შეუფარდა 2 ადამიანს: საბა ჯიქიას და ანზორ კვარაცხელიას.