ირანში მეთორმეტე დღეა, გრძელდება მასობრივი საპროტესტო გამოსვლები. მედიის ცნობით, დაკავებულია პროტესტის 2000-ზე მეტი მონაწილე, მოკლულია, სულ მცირე, 34 ადამიანი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის პერიოდულად ძალადობრივი შეტაკებები ხდება.
„უფლებადამცველთა საინფორმაციო სააგენტოს” (HRANA) მონაცემებით, პროტესტი 31-ვე პროვინციის 111 ქალაქსა და დასახლებას მოედო. მათი ინფორმაციით, არეულობისას დაიღუპა სულ მცირე 34 დემონსტრანტი და უსაფრთხოების სამსახურის 4 თანამშრომელი, დაკავებულია 2 200-მდე ადამიანი.
თეირანსა და სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები 28 დეკემბერს დაიწყო, როდესაც თეირანის ქუჩებში მაღაზიების მეპატრონეები გამოვიდნენ და ეროვნული ვალუტის დოლართან მკვეთრი ვარდნა გააპროტესტეს. საპროტესტო აქციას შეუერთდნენ სტუდენტებიც და პროტესტი სხვა ქალაქებშიც გავრცელდა.
პროტესტის ლოზუნგებს შორის გაჩნდა ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამეინის წინააღმდეგ და ირანის გარდაცვლილი ყოფილი შაჰის, რეზა ფაჰლავის მხარდასაჭერად სლოგანები.
BBC Persian ავრცელებს ვიდეოებს, სადაც ხალხი სხვადასხვა ქალაქში სკანდირებს ლოზუნგებს, მათ შორის „სიკვდილი დიქტატორს“, „გაუმარჯოს შაჰს“.
აიათოლა ალი ხამეინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლება „უნდა ესაუბროს მომიტინგეებს”, მაგრამ „არეულობის მონაწილეებს ადგილი უნდა მიუჩინოს”.
2022 წლის შემდეგ ეს ეს ყველაზე ფართომასშტაბიანი პროტესტია. 2022 წელს მასობრივი აქციები „ჰიჯაბის არასათანადოდ ტარებისთვის“ მორალის პოლიციის მიერ მაჰსა ამინის მკვლელობას მოჰყვა. მაშინ შეტაკებების დროს 550-ზე მეტი ადამიანი მოკლეს და 20 000 დააკავეს.