საქალაქო სასამართლო მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ სასამართლოში ვიზიტისგან

პუბლიკა

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, ალექსანდრე იაშვილმა, საქალაქო სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ რეკომენდაციის სახით, მოქალაქეებს მოუწოდა, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ სასამართლოში ვიზიტისგან.

მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს დღის განმავლობაში 3000-მდე მოქალაქე სტუმრობს, სხდომის დარბაზებში კი ასობით პროცესი ტარდება. მიუხედავად იმისა, რომ, მისი მტკიცებით, სასამართლოში არაერთხელ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ვიზიტორთა სიმრავლის გათვალისწინებით, კორონავირუსის რისკი მაინც მზარდია.

რაც შეეხება პროცესების დახურვის საკითხს, ალექსანდრე იაშვილის განცხადებით, გადაწყვეტილებას მოსამართლეები ინდივიდუალურად მიიღებენ.


stopcov.ge– ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 15 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 56, კარანტინში კი 178 მოქალაქე იმყოფება.

გადადით ბმულზე, გახდით ჯგუფის წევრი და თვალი ადევნეთ გადამოწმებულ ახალ ამბებს კორონავირუსის შესახებ.