საქალაქო სასამართლომ ყოფილი მორაგბის ირაკლი აბუსერიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

პუბლიკა

ყოფილი მორაგბისა და დეპუტატის ირაკლი აბუსერიძის სარჩელი საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. აბუსერიძე საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რომელმაც ის რაგბის კავშირის არჩევნების შემდეგ პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, მოსამზადებელი სხდომის შემდეგ მის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა, რამაც მისი თქმით, სამართლიან განხილვაზე ეჭვი გააჩინა, თუმცა ბრძოლას აგრძელებს.

„სასამართლო პროცესები რომ დაიწყო, პირველ მოსამზადებელ სხდომაზე ჩვენი მოსამართლე გახლდათ ნათია შიოშვილი და უცებ ხდება ის, რომ არსებითი განხილვის წინ შეიცვალა მოსამართლე. რაღაც კითხვის ნიშნები მქონდა და ეჭვები, მაგრამ მაინც ვიტოვებდი იმედს, რომ ამ ქვეყანაში სამართლიანობა გაიმარჯვებდა. შემდეგი ეტაპები გვაქვს და მივყვებით, ჩვენ ბრძოლას არ ვწყვეტთ და ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ სიმართლეს არ დავამტკიცებთ“, – თქვა „მთავარ არხთან“ ირაკლი აბუსერიძემ.

აბუსერიძის ადვოკატის თქმით, ისინი საქალაქო სასამართლოს გადწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.


ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 2020 წლის 30 დეკემბერს აირჩიეს, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად მიიჩნევდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა, რომ არჩევნები არ დაკანონებულიყო. აღნიშნულის შემდეგ, 7 იანვარს ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერდა.

საჯარო რეესტრის განცხადებით, რაგბის კავშირის პრეზიდენტი და გამგეობის წევრები სხდომაზე უნდა აერჩიათ, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც. სხდომაზე კი, რომელზეც აბუსერიძე აირჩიეს, კვორუმი არ შედგა.

აბუსერიძე ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ეს იყო განმეორებითი კრება და ის წესების დაცვით წარიმართა. რეესტრი კი აცხადებს, რომ კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ იგი პირველი კრებიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება, ხოლო აბუსერიძე 10 თვის შემდეგ გამართულ სხდომაზე აირჩიეს. თანაც განმეორებით სხდომაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვა შეიძლებოდა, რაც პირველ კრებაზე დააყენეს, პრეზიდენტის არჩევა კი ახალი საკითხი იყო.