საქალაქო სასამართლოსთან დღეს ორი აქტივისტი დააკავეს

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ორი აქტივისტი, ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი დააკავეს. ალბი კორძაიას ვიდეოში ჩანს, რომ ისინი ერთ-ერთ ობიექტში ყავის დასალევად მივიდნენ. პოლიციელი კორძაიას ეუბნება, რომ ყავა აიღოს და ტერიტორია დატოვოს.

„ვდგავარ აქ იმისთვის რომ ყავა დავლიო, მოქალაქე ვარ და სადაც მინდა იქ დავლევ ყავას…. თქვენ თავი მართლა რუსეთში ხომ არ გგონიათ?! თქვენ ხართ რუსეთში, ბიძინა არის რუსი, ემსახურებით ბიძნას, თქვენ ხართ რუსები“, – მიმართა ალბი კორძაიამ პოლიციელებს.

მოგვიანებით, როცა აქტივისტებმა ყავა აიღეს, ვიდეოში ისმის, სავარაუდოდ, პოლიციელის ხმა -„აიღე შენი ყავა და დატოვე“, რაზეც ალბი კორძაია პასუხობს: „არა, ხელი გამიშვი“, მალევე ჩანაწერი წყდება.

„პუბლიკა“ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა დაეზუსტებინა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თუ რა მუხლით არიან ალბი კორძაია და სალომე კენჭიაშვილი დაკავებულები. უწყებიდან პასუხი არ მიგვიღია.