საქალაქო სასამართლოს შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს დაშავდნენ ჟურნალისტები და აქციის მონაწილეები. „პუბლიკის“ კორესპონდენტის თქმით, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა და აქციაზე, სავარაუდოდ, სპეციალური სპრეი გამოიყენა.
დაკავებულებზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ ცნობილი არაა.
დღეს საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი იმართება, რომელსაც მიხეილ სააკაშვილიც დაესწრება. საქალაქო სასამართლოში ეზოში აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს პოლიცია არ უშვებს. ეზოში მხოლოდ ადვოკატები და ოჯახის წევრები შეუშვეს. ცნობილია, რომ პროცესს მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაესწრება, თუმცა უცნობია, გადაიცემა თუ არა პირდაპირ ეთერში სასამართლო პროცესი. ადვოკატები ამბობენ, რომ შუამდგომლობას დააყენებენ პირდაპირ ეთერში გადაცემაზე.