საქალაქოსთან პოლიციელთა მიმართ წინააღმდეგობის ბრალდებით 3 პირი დავაკავეთ – შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციელთა ფიზიკური წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით, კიდევ 3 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, ამავე დღეს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ბ.თ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ბრალდებულები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას – დაცვის ჯიხურიდან ჩამოსულიყვნენ და პროტესტი უსაფრთხო ადგილზე გაეგრძელებინათ. ბრალდებული ბ.თ. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს თავს დაესხა, წააქცია ჯიხურის სახურავზე და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ბ.თ.-სთან ერთად დაცვის ჯიხურზე მყოფი მეორე ბრალდებული ე.ს. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელს სიმაღლიდან გადაგდების მიზნით ფიზიკურად დაუპირისპირდა. მოგვიანებით კი, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად განაგრძო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა.

ამავე ბრალდებით დაკავებულმა ლ.ს.-მ და ს.გ.-მ აქციის მსვლელობისას, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. მათ ასევე წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკურად იძალადეს თბილისის პოლიციის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებზე.

კანონდარღვევის ფაქტების ამსახველი მასალების შესწავლისა და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1 დეკემბერს ე.ს. და ლ.ს. პოლიციელის წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო ს.გ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს სამართალდამცველებმა ახალციხეში“, – ამბობენ შსს-ში.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.