შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, საქართველოში 20-ზე მეტი სეიოზული ხანძრის კერა დაფიქსირდა.
ღირსიაშვილის თქმით, ხანძრის კერები იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვაკიჯვარსა და გომში; ასევე ლიკანში, ამბროლაურის სოფლებში – კრიხსა და ხვანჭკარაში; წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ორი ხანძრის კერა იყო კასპის რაიონშიც.
„მიმდინარეობს ხანძრის ქრობითი სამუშაოები ყველა კერაზე, დაახლოებით 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია მობილიზებული მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე აღსანიშნავია, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა წერტილში“, – აცხადებს ღირსიაშვილი.
უწყების წარმომადგენელი აცხადებს, რომ ხანძრის მიზეზებს გამოძიება დაადგენს. თუმცა ღირსიაშვილი ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით ხანძრის კერები დაუდევრობის შედეგია. ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საგაზაფხულო სამუშაოების, ხვნა-თესვის მოახლოებასთან დაკავშირებით, ნუ გადაწვავენ სავარგულებს, რადგან ეს სავალალო შედეგებს იწვევს.