„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დღეს, 9 მარტს, ბრიფინგზე ქართული ავიაკომპანია „Georgian Airways-ის“ მიერ რუსული საბანკო სისტემა Мир-ის გამოყენებას გამოეხმაურა.
მელიას განცხადებით, Мир რუსეთმა დასავლური სანქციებისგან თავის არიდების მიზნით შექმნა და ქართული კომპანიის მიერ მისი გამოყენება ხელს უწყობს რუსეთის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთისადმი დაწესებული სანქციებისგან გვერდის ავლაში.
„ასევე, ეს ავიაკომპანია კომერციულ ურთიერთობებს ამყარებს იმ რუსულ საგადასახადო სისტემასთან, რომელიც უკანონოდ საქმიანობს ოკუპირებულ აფხაზეთში და არღვევს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“, – ამბობს მელია.
ენმ-ის თავმჯდომარის განცხადებით, ავიაკომპანია ამ გადაწყვეტილებას ხელისუფლების ჩარევის გარეშე ვერ მიიღებდა. მისი შეფასებით, მთავრობა „ღიად დაუპირისპირდა უკრაინისა და დემოკრატიული თანამეგობრობის ბრძოლას მშვიდობისა და თავისუფლებისთვის“.
„მთავრობის ეს ნაბიჯები გამოიწვევს იმას, რომ საქართველო, როგორც აგრესორი და ოკუპანტი სახელმწიფოს ღია მოკავშირე, მოხვდება საერთაშორისო სანქციების ქვეშ, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც ურთულეს ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას სახელმწიფოში“, – განაცხადა მელიამ.
რუსეთის სანქციების შესახებ დღეს ბრიფინგი გაიმართა „ევროპულ საქართველოშიც“.
პარტიის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა, რომ საქართველო არ უნდა იქცეს სანქციებისთვის თავის ასარიდებელ ხვრელად.
„დღესდღეობით, საქართველოს გამოყენებით, როგორც რუსეთის სახელმწიფო, ასევე ცალკეული მოქალაქეები, ცდილობენ სანქციებისთვის თავის არიდებას.
გასაგებია, რომ საქართველო დიდ ზიანს ვერ მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას სანქციებთან მიერთებით, მაგრამ მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე უნდა ყოფილიყო მთელი ამ წლების განმავლობაში უკრაინასთან ერთად უმაღლეს აღმასრულებელ დონეზე ერთობლივი ფრონტით გამოსვლა ჩვენივე პრობლემების აქტუალიზაციისთვის.
დღეს დასავლური სანქციების და პოლიტიკის ნაწილი საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნა არ არის იმიტომ, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის ბოიკოტით არის დაკავებული. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გინდ მაღალი და გინდ დაბალი თანამდებობის წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაზე თავდასხმით არიან დაკავებულები, ახლა არ აქტიურობა ტოლფასია საქართველოს დეოკუპაციიაზე და ტერიტორიულ მთლიანობაზე უარის თქმისა“, – განაცხადა კანდელაკმა.
8 მარტს ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ავიაკომპანია „GEORGIAN AIRWAYS-მა“ გადახდის სისტემაში „Мир“ დაამატა.
„Мир“ რუსეთში და რუსული ბაზრისთვის შექმნილი საბანკო სისტემაა, რომელიც ქვეყნის გარეთ რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს. საქართველო არ არის იმ ქვეყნების სიაში, სადაც „Мир“ ოფიციალურად გამოიყენება.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, „Мир-ზე“ მუშაობა რუსეთმა 2014 წელს მას მერე დაიწყო, რაც ყირიმის ანექსიის შემდეგ დასავლეთმა მოსკოვისთვის ფინანსური სანქციების დაწესების პერსპექტივებზე დაიწყო მსჯელობა. როცა უკრაინაში ომის დაწყების გამო VISA-მ და Mastercard-მა რუსეთი დატოვეს, „Мир-ს“ უკვე გაცემული აქვს 100 მილიონი ბარათი და ფარავს რუსეთის ფედერაციის ყველა რეგიონს. „Мир“ არ მუშაობს ოკუპირებულ ყირიმში.