მოქალაქეებმა დღეს პარლამენტის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებული განცხადება გააპროტესტეს.
ივანიშვილმა განაცხადა, რომ „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
დღეს კი პარლამენტთან 19:00 საათზე სამოქალაქო მოძრაობების „დაფიონისა“ და „ჯიუტის“ ორგანიზებით მოქალაქეები შეიკრიბნენ და ივანიშვილის განცხადება გააპროტესტეს.
„საზოგადოებამ ძალიან კარგად და მკაფიოდ გავიგეთ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ გზავნილი ბოდიშთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი უხდის ბოდიშს რუსეთს, უხდის ბოდიშს სეპარატისტებს, მკვლელებს, სადისტებს. იმ ადამიანებს, ვინც აუპატიურებდნენ პატარა გოგოებს და ცოცხლად წვავდნენ ჩვენს დებს და ძმებს. აი, ამათ უხდის „ქართული ოცნება“ ბოდიშს.
ისიც კი არ უფიქრია, როცა დაინახა „ქართულმა ოცნებამ“ მთლიანად საზოგადოების აბსოლუტურად სამართლიანი და ლეგიტიმური რისხვა, გაბრაზება, წყენა, ტკივილი, ისიც კი არ უფიქრია, რომ საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. ბოდიში მარტო ოკუპანტებს და ბოდიში მარტო მკვლელებს. აი, ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია დღეს, ის აგრძელებს თავის ხაზს და საზოგადოება ამ ბოდიშს არასოდეს მიიღებს, არასოდეს დაეთანხმება და პროტესტი გაგრძელდება“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, დავით ქაცარავამ.