საქართველო ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით ათეულშია - ბელგიის სახელმწიფო მდივანი

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა ​თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებში ბელგიის სამეფოს სახელმწიფო მდივანთან – ნიკოლ დე მურთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში.

ნიკოლ დე მურმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ საქართველო ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით ათეულში შედის.

„თავშესაფრის მთხოვნელთა გაზრდილ რაოდენობას ყველა ქვეყნიდან ვხედავთ, ამ მომენტში საქართველო ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით ათეულში შედის. ეს სხვა ქვეყნებთან შედარებით თქვენი ქვეყნის პროფილს არ ერგება, რადგან საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა და აღიარების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია. მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ბელგიაში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობამ 613 შეადგინა. მნიშვნელოვანია მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ თავშესაფარი ეკონომიკური ფონის გამო არ გაიცემა“, – აღნიშნა ნიკოლ დე მურმა, მის სიტყვას პრესკონფერენციიდან „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.