ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე იმსჯელეს.
სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ შავი ზღვის რეგიონი რუსეთის პრეზიდენტის ინტერესის არეალია და ვლადიმერ პუტინის პოლიტიკის პირველი სამიზნე რეგიონში საქართველო გახდა, როცა 2008 წელს რუსეთმა საქართველოს რეგიონების ანექსია მოახდინა, რადგან ქვეყანა დემოკრატიისკენ მიიწევდა.
სენატორმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის პოლიტიკაზე და სხვა ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობებზე.
კომიტეტის სხდომაზე სენატორმა პიტ რიკეტსმა განაცხადა, რომ საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში.
„დღეს შავი ზღვა ევროპის მომავლის გრავიტაციული ცენტრი ხდება და არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეატრი რუსეთს, ამერიკასა და ჩინეთს შორის ძალაუფლების შეჯიბრის. პუტინის არალეგალურმა ომმა უკრაინაში შავი ზღვის რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზი. პუტინი ისურვებდა შავი ზღვის რუსულ ტბად, ხოლო მისი ცის არასაფრენ ზონად გადაქცევას.
ყირიმში და სევასტოპოლის პორტში უკრაინელების შეტევამ რუსეთის საზღვაო დომინაცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ამიტომ რუსეთი მეგობრების იმედი აქვთ სეპარატულ აფხაზეთში ახალი საზღვაო ბაზის შესაქმნელად. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს რუსეთის ძალაუფლების თამაში მის სუვერენულ ტერიტორიაზე“, – განაცხადა სენატორმა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ 5 ოქტომბერს ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთში მუდმივ სამხედრო-საზღვაო ბაზას განათავსებს. ბჟანიას თქმით, რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც ოკუპირებულ ოჩამჩირის რაიონში, მისი განცხადებით, მალე განთავსდება, გააძლიერებს როგორც რუსეთის, ისე აფხაზეთის თავდაცვის შესაძლებლობებს.
უკრაინის დაზვერვამ 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების ნაწილი ნოვოროსიისკის პორტში გადაიყვანეს, თუმცა ეს პატარა ადგილია და ყველა გემს ვერ დაიტევს, რის გამოც კრემლმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის გამოყენება გადაწყვიტა. სკიბიცკის განცხადებით, ახლა ოკუპირებულ ოჩამჩირეში ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.