„საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს!“ - მელია ივანიშვილზე

პუბლიკა

„ომში რომ არ ჩაგრთეთ, ეგ დიდი ფული დამიჯდა, მაგის გამო დიდი მილიონები დავკარგე, თან ეგ ფული თქვენზე უნდა დამეხარჯაო“ – პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება.

ნიკა მელია წერს, რომ ივანიშვილმა დაადასტურა აშშ-ის ელჩთან შეხვედრა, მაგრამ არაფერი თქვა „ოცნების“ წევრების მხრიდან აშშ-ის მიმართ ბრალდებებზე, რითაც აღიარა, რომ მათი ავტორი თავადაა.

„დაადასტურა დეგნანთან შეხვედრა და სიტყვა არ დაძრა იმ ბრალდებებზე, რომელსაც მისი ხელის ბიჭები უყენებენ აშშ-ს ელჩს და ვაშინგტონს, არ გაემიჯნა იმ ბრალდებებს, რითაც აღიარა რომ თავადაა ავტორიც და დირიჟორიც იმ ბინძური სიმფონიის, რომელსაც მისი ხელქვეითების ორკესტრი ასრულებს დასავლეთის წინააღმდეგ“, – წერს მელია.

ნიკა მელიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მომავლით ევაჭრება დასავლეთს, ამ ვითარებაში კი „ქართულ ოცნებასთან“ დეპოლარიზაცია შეუძლებელია.

„უკვე შემდგარი ფაქტია – ივანიშვილი დასავლეთს ჩვენი ქვეყნის მომავლით ევაჭრება. აი, ასე, საქართველო ჩაწოლილი საქონელივით გამოდო დახლზე და ვაჭრობს!

ფაქტიც სახეზეა და პოლარიზაციაც. ჩვენ დასავლეთი გვინდა, ის დასავლეთი, რომელსაც ოლიგარქი ივანიშვილი უკვე ღიად უპირისპირდება და მიგვათრევს იმპერიის ორღობეებში. ამ ვითარებაში და ამ ძალასთან შეუძლებელია დეპოლარიზაცია.

მაინც რა უნდა დავთმოთ პოლარიზაციის განსამუხტად – ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი შვილების მომავალი? და რისთვის? ოლიგარქის მილიარდებს რომ ერთი თეთრი არ მოაკლდეს?! ტრიუკი აღარ გაუვა. მის ქონებას, ერთი თეთრი კი არა, მილიარდებიც დააკლდება და საქართველოც გააგრძელებს სვლას, წინ ევროპისკენ“, – ამბობს მელია.


„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს და საუბრობს ომის საფრთხეზე, ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე, „კრედიტ სუისთან“ დავასა და ა.შ.