საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლეების მთავარი ვალდებულება მშვიდობის შენარჩუნებაა და „შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის“ მიუხედავად, ქვეყანა სტაბილურობის ოაზისად რჩება.

„დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ  მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა.

ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ  ამ ვალდებულების შესრულებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა უკრაინელი ხალხისადმი თანადგომა გამოხატა, თავისუფლება და მშვიდობა უსურვა. ასევე პრემიერმა განაცხადა, რომ მართალია, საქართველო ახლა პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანაა, მაგრამ მის სუვერენიტეტს „ბევრი შიდა თუ გარე, ხილული თუ ფარული მტერი ჰყავს“ და განმტკიცება სჭირდება. ეს კი უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.

„თავისუფლება გულისხმობს სუვერენულ სახელმწიფოს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს საშინაო და საგარეო პოლიტიკას, გულისხმობს ისეთ სახელმწიფოს, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, გულისხმობს კანონის უზენაესობას, მარადიული ფასეულობებისა და ეროვნული ინტერესების დაცვას.

თავისუფლება გულისხმობს ისეთ გარემოს, სადაც თითოეული ოჯახის სიძლიერეხელისუფლების უმთავრესი ამოცანა და, ამავე დროს, სახელმწიფოს ძლიერების საფუძველია. თავისუფლება გულისხმობს საზოგადოებას, რომელიც ესწრაფვის არა მხოლოდ  ტერიტორიულ, არამედ ღირებულებრივ და შინაარსობრივ ერთიანობას“, – თქვა ღარიბაშვილმა.