საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი Twitter-ზე ეხმიანება ნიკა მელიასათვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებას და აცხადებს, რომ „საქართველო ერთპარტიული მმართველობის აჩრდილმა შეიპყრო“
The growing specter of one-party rule haunts Georgia. https://t.co/wGkrstmmTI
— Ian Kelly (@ikelly731) February 16, 2021
კელი ამავე პლატფორმაზე აზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას, რომელიც მოუწოდებს პარლამენტს, არ დაუჭირს მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას.
„პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს პარლამენტს, რომელიც ასახავს ქართული საზოგადოების ნებას. მთავრობამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, ამ ნაბიჯით მიაღწევს თუ არა ამ მიზანს“, – აცხადებს იან კელი.
ნიკა მელიას საქმე
12 თებერვალს პროკურატურამ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობისთვის სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა.
ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზეა ბრალდებული, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის მუხლით. მას აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული ჰქონდა გირაო და ასევე დაუწესდა ელექტრონული მონიტორინგი.
ნიკა მელიამ პირველ ჯერზე გირაოს თანხა შეიტანა. თუმცა, 1 ნოემბერს, აქციაზე პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად მოიხსნა ელექტრონული სამაჯური. იმის გამო, რომ მან ამით დაარღვია მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პირობები, პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შუამდგომლობით მიმართა.
სასამართლომ გირაო გაამკაცრა და ის 40 000 ლარით, 70 000 ლარამდე გაიზარდა. გირაოს გაზრდილი ოდენობის გადახდის ვადად განისაზღვრა 50 დღე. სწორედ ამ გირაოს გადახდაზე განაცხადა უარი ნიკა მელიამ.
შესაბამისად, ბრალდების მხარემ 12 თებერვალს აღნიშნა, რომ კანონმდებლობით მას აქვს ვალდებულება, რომ ამ ჯერზე სასამართლოს კიდევ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შუამდგომლობით მიმართოს. ამისთვის კი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაა საჭირო.