საქართველო-ესპანეთის მატჩზე დამწრეები 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ - საბჭო

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე დამსწრეები 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ.

საბჭოს ცნობით, 28 მარტს დაგეგმილ მატჩზე მაყურებელთა 30% დაიშვება, „დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით”.

„ბილეთები გაიყიდება ონლაინ-რეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. 28 მარტს, საფეხბურთო მატჩიდან გამომდინარე, 01:00 საათამდე იქნება დაშვებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის – მეტროს და ავტობუსის მუშაობა.

მათივე თქმით, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-რუმინეთის სარაგბო მატჩზე, ასევე ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.