ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის თქმით, საქართველო ევროკავშირის წევრობისგან ძალიან შორს დგას, რადგან ხელისუფლებისგან საუბრის გარდა ვერ ხედავს რეალურ ნაბიჯებს, რომ ქვეყანა მოემზადოს ევროკავშირის წევრობისთვის.
ფონ კრამონის თქმით, საქართველოს მხრიდან ევროკავშირის გაწევრების გზაზე უკან დახევა იყო პროევროპელი პირების ჩამოცილება საპასუხისმგებლო თანამდებობიდან. ამის ერთ-ერთ მაგალითად კი ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალია საბანაძის გადადგომა მოჰყავს.
„ვისურვებდი, ბევრად ახლოს ვიყოთ…. თუმცა, ვიტყოდი, რომ გულწრფელად, საქართველო წევრობიდან იმდენად შორს არის, რამდენადაც შეგვიძლია წარმოვიდგინოთ – ესაა ჩემი შთაბეჭდილება.
მე საქართველოს ძალიან ბევრჯერ ვეწვიე და შთაბეჭდილება მრჩება, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში ყველაფერი მნიშვნელოვნად შეიცვალა: ნათელი არ არის გადაწყვეტილების მიღების პროცესი მთავრობასა და პარლამენტში, ბევრი სტრუქტურაც აღარაა ისეთი გამჭვირვალე, როგორც ადრე იყო.
ევროკავშირში გაწევრება რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიზანია, მაგრამ არ ჩანს იმისი აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული.
განსაკუთრებით, როდესაც ყველაზე პროევროპულ, პროტრანსატლანტიკურ ფიგურებს საპასუხისმგებლო პოზიციებიდან მოიშორებ, ძალიან ძნელია იმის აღიარება, რომ ამის მიღწევა შენთვის სერიოზული მიზანი ან საკითხია.
ვგულისხმობ, რომ ძალიან მომწონდა ბრიუსელში თქვენი ყოფილი ელჩი, ნატალი (საბანაძე) – მან სწორად დაწერა, რომ ევროკავშირის მიმართ მისწრაფებაზე საუბარი საკმარისი არ არის. ვგულისხმობ, რომ საჭიროა ამას მოჰყვეს გარკვეული ქმედებებიც. ჩემი გადმოსახედიდან, რაც გვაკლია, ეს ყველაზე ცოტა, რეალური მოქმედებაა.
ვნახეთ ძალიან ბევრი წინააღმდეგობრივი განცხადებები „ქართული ოცნების“ და მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, ბევრი როტაციაა სამინისტროების კუთხით, ადამიანები მოდიან და მიდიან, შესაბამისად, საქართველოს მმართველი პარტიიდან რეალურად ვერ ხედავ სტრატეგიას, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული“, – თქვა ფონ კრამონმა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ მიერ გამართული დისკუსიის დროს.
ევროპარლამენტარი ასევე გამოეხმაურა მათ მიერ გაკეთებულ განცხადებაზე ქართველი პოლიტიკოსების შეფასებებს და თქვა, რომ მათი განცხადება დაბალანსებული იყო და იმედგაცრუებულია, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მაინც „შერჩევითად გამოიყენეს“.
ასევე, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, ის მხარს არ უჭერს ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის ბოიკოტს, რადგან ევროპარლამენტს სურს საქართველოში პოლიტიკოსების ხმა პარლამენტიდან ისმოდეს და არა ქუჩიდან. პარლამენტში შესვლის შემთხვევაში კი ოპოზიციას მათი პოზიციების დაცვაში დახმარებას ჰირდება.
ფონ კრამონის თქმით, ის არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არაა, ამისი მაგალითია, რომ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ის „პერსონა ნონ-გრატად ჰყავდა გამოცხადებული“, თუმცა მთავრობის ცვლილებიდან რვა წლის შემდეგ „კვლავ ხედავს ხელისუფლების მიტაცების მცდელობას“, რაც მისთვის გულდასაწყვეტია.