„საქართველო ევროკავშირს შორდება და მოსკოვის ორბიტაზე ბრუნდება“ – ამ სათაურით ფრანგული გამოცემა Le Figaro საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ სტატიას აქვეყნებს.
სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველომ უარი თქვა დაეგმო რუსული აგრესია უკრაინაში და შეერთებოდა ევროპის მიერ დაწესებულ სანქციებს, რომელთაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „უსარგებლო“ უწოდა.
სტატიის ავტორი იზაბელ ლასერი წერს, რომ მაშინ, როცა დონბასში მწვავე ბრძოლა მიმდინარეობს, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ რუსული ომი განსხვავებული ფორმით მიმდინარეობს.
მათ შორის, ვლადიმერ პუტინის ყოფილი ნომერ პირველი მტერი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები წამოიწყო, ციხეში ნელ-ნელა კვდება არასათანადო მკურნალობის გამო.
სტატიაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ალექსეი ნავალნისთან ერთად რეგიონში ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პატიმარია და პოლიტიკური ცხოვრებიდან მის ჩამოშორებას „ქართული ოცნება“ ყველა გზით ცდილობს. ყოფილი პრეზიდენტის მიერ პროტესტის ნიშნად დაწყებულმა შიმშილობებმა და არასათანადო მკურნალობამ კი მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნად შეარყია.
იზაბელ ლასერი ასევე წერს, რომ „საქართველო რუსეთის წიაღს უბრუნდება“ და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ოფიციალურად გაჟღერებული „ნეიტრალური“ პოზიცია გადაიზარდა იმაში, რომ პუტინი „კმაყოფილი“ დატოვონ.
„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უარი თქვეს, დაეგმოთ რუსული აგრესია უკრაინაში და შეერთებოდნენ ევროპულ სანქციებს, რომლებიც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „უსარგებლოდ“ მიიჩნია.
მათ მიიღეს რუსული კომპანიები, რომლებიც თბილისში სანქციებისგან თავის არიდების მიზნით დაფუძნდნენ. როგორც მოსკოვში, აქაც სამთავრობო წრეებში უკრაინაში მიმდინარე ომის ხსენებისგან თავს იკავებენ და კრემლის პროპაგანდას იმეორებენ“, – ნათქვამია ფრანგული გამოცემის სტატიაში.
სტატიაში ასევე ნახსენებია „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრება და ეს განსხვავებული ხმების ჩახშობისთვის გამიზნულ მოქმედებადაა შეფასებული, როგორც ეს რუსეთში ხდება და ნათქვამია, რომ პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველო 89-ე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
იზაბელ ლასერი წერს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი პოზიციის გამო უკრაინის პრეზიდენტმაც გააკრიტიკა. საქართველოს ხელისუფლება კი ევროპისადმი კრიტიკას ზრდის.