საქართველო ევროპაში ერთადერთ ქვეყნად რჩება, სადაც საზ. ტრანსპორტი აკრძალულია - მესხიშვილი

პუბლიკა

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ფეისბუქზე წერს, რომ „დღემდე საქართველო რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ ევროპაში (მგონი, მსოფლიოშიც), სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის აკრძალული”.

მისი თქმით, საზ. ტრანსპორტის არარსებობის გამო, მკვდარია ეკონომიკა და ჩვენი მოქალაქეები იმყოფებიან უკიდურეს გაჭირვებაში – „საზ. ტრანსპორტის ფუნქციონირება უნდა აღდგეს დაუყოვნებლივ, ახალი წესებით!”.

მესხიშვილი აქვეყნებ რეკომენდაციებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების საფუძველზე:

„✅ მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა არის პრიორიტეტი, ამიტომ მუნიციპალიტეტებში გაზარდეთ ავტობუსების რაოდენობა მინიმუმ ორჯერ. რაოდენობის გასაზრდელად გამოიყენეთ საქალაქთაშორისო ავტობუსები, აგრეთვე ტურისტულ კომპანიებზე რიცხული სატრანსპორტო საშუალებები. ორივე ეს მიმართულება დღეს გაჩერებულია გაურკვეველი ვადით, ავტოტრანსპორტი თავისუფალი, ხოლო პერსონალი დაუსაქმებელი;

 ამ გზით შემცირდება ლოდინის დრო, აგრეთვე, საზ-ტრანსპორტში შემცირდება მგზავრებს შორის სიმჭიდროვე; მაგალითად, დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობა გაზარდეთ 1 500-მდე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ხარჯზე; საზ-ტრანსპორტი მგზავრებით უნდა დაიტვირთოს მხოლოდ 50 %-ით;

 ავტობუსებში, მიკროავტობუსებსა და ტაქსიშიც დაამონტაჟეთ მძღოლის სივრცის მგზავრებისგან გამოსაყოფი დამცავი. უზრუნველყავით მძღოლები ყველა საჭირო დამცავი საშუალებით;

 ჩამოაყალიბეთ დროებითი სამსახური: „მგზავრის დამხმარე პერსონალი“, რომლის მთავარი ფუნქციაა, მგზავრებს ადგილზე მიაწოდოს რეკომენდაციები, გააცნოს საგანგებო წესები და მიუთითოს წესების დაცვისკენ. ჩვენ შემთხვევაში, ასეთი ფუნქცია გადამზადების შემდეგ შეიძლება შეასრულონ „კონტროლიორებმა“;

 დააწესეთ ყოველდღიური კონტროლი მძღოლების ჯანმრთელობაზე;

 განალაგეთ სპეციალური ნიშნულები და დისტანციის მიმთითებელი ნიშნები ყველა სატრანსპორტო საშუალებაში, ავტობუსში, მიკროავტობუსში, ავტოსადგურში, გაჩერებაზე, მეტროს მოსაცდელ სადგურსა თუ მატარებლის ვაგონში;

 საზ-ტრანსპორტით მგზავრობისას სავალდებულო გახდეს პირბადის გამოყენება, როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის;

 მონიშნეთ დასაჯდომი ადგილები, რათა მგზავრებმა დაიცვან მოთხოვნილი მანძილი. შეამოწმეთ ნიშნულები ყოველდღიურად, რომ მისი დაზიანების ან მოძრობის შემთხვევაში დროულად შეცვალოთ ახლით;

 მგზავრები ავტობუსში ჩასხდომა/გადმოსხდომისას სარგებლობენ სხვადასხვა კარით;

 საზ-ტრანსპორტში დაამონტაჟეთ მოწყობილობა (სანიტაიზერი) ხელის დასამუშავებელი სპირტის შემცველი ხსნარის მისაღებად;

 აკრძალეთ კონდიციონერის გამოყენება, რათა თავიდან ავირიდოთ ჰაერის დახურულ სივრცეში ცირკულაცია. გაიხსნას სატრანსპორტო საშუალებების ფანჯრები, ბუნებრივი ვენტილაციის მისაღებად;

ჩაატარეთ სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ავტობუსების გაჩერებებზე, ავტოსადგურებში, მეტროსადგურებში და თავად სატრანსპორტო საშუალებებში. აგრეთვე მეტროსა და მატარებლების ვაგონები დაამუშავეთ შესაბამისი ხსნარით”.