საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა - ზურაბიშვილი ევროსაბჭოში

პუბლიკა

„საქართველო გენდერული თანასწორობის საკითხში პროგრესული ქვეყანაა და მე, როგორც პირველი ქალი პრეზიდენტი,  ამ მიდგომის საილუსტრაციოდ გამონაკლისს არ წარმოვადგენ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

„საქართველოს ქალები მრავალი საუკუნის წინ მართავდნენ. 1921 წლის კონსტიტუცია კი უკვე უზრუნველყოფდა ქალისა და მამაკაცის თანაბარ აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას. დამფუძნებელ კრებაში 5 ქალი მონაწილეობდა, მათ შორის იყო პირველი მუსლიმი ქალი. მე მაინც ვალდებული ვარ, არ დავკმაყოფილდე დღევანდელი მდგომარეობით – როდესაც მთავრობის ნახევარი და ორი ვიცე-პრემიერი ქალია – და მიმაჩნია, რომ მეტი გვაქვს გასაკეთებელი. ჩემი პირადი ვალდებულებაა, ხელი შევუწყო ქალისა და კაცის თანაბარ მოპყრობასა და შესაძლებლობებს საზოგადოების ყველა დონეზე, საქართველოს ყველა კუთხეში.

სამწუხაროდ, ოჯახში თუ სხვაგან ქალების ძალადობისგან დაცვის საჭიროება ახალ გამოწვევად ჩამოყალიბდა. დიდმა სოციალურმა ცვლილებებმა, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ გზა გაუხსნა ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს. სტამბოლის კონვენცია ძალადობის პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და, რაც მნიშვნელოვანია, მოძალადის პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს. მის უპირობო განხორციელებას ჩემს პასუხისმგებლობად მივიჩნევ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი გამოსვლის ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.