საქართველო გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების უკანონოდ ჩატარებას

პუბლიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივად ჩართვის მიზნით. განცხადებას საგარეო უწყება ავრცელებს.

უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯსრომელიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

„ოკუპირებულ რეგიონებში ნებისმიერი არჩევნების ჩატარება უკანონოა ოკუპაციის ფონზე, რაც დადგენილია მათ შორის საერთაშორისო სასამართლოებით,  და იმ პირობებში, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილ მოსახლეობას კვლავ არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და რეაგირება მოახდინოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მორიგ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ“, ნათქვამია განცხადებაში.